ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორ აქციებს ჩაატარებს, მაგრამ მისი არც დრამატურგია, არც შინაარსი არ მომწონს, ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ხალხი გადაღალა
ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორ აქციებს ჩაატარებს, მაგრამ მისი არც დრამატურგია, არც შინაარსი არ მომწონს, ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ხალხი გადაღალა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა აქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი განცხადება შეაფასა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

ლევან იოსელიანის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პარტია ამ განცხადებას პროცესების ჩიხში შესვლამდე გააკეთებდა.

„კარგი იქნებოდა, მათ ეს განცხადება პირველივე დღეებში გაეკეთებინათ და პროცესები ჩიხში არ შესულიყო. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, მისი არც დრამატურგია და არც შინაარსი არ მომწონს, რადგან ვხედავთ, სხვადასხვა ადგილზე 20-30 ადამიანის პოლიციასთან ძიძგილაობას, რაც არ არის ორგანიზებული აქცია, სადაც შეგიძლია, ხელისუფლებას მართლაც რაღაც დაათმობინო. „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი სახის აქციებს ჩაატარებს, მაგრამ ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის ასეთი ფორმები მიუღებელიც არის და გაუგებარიც. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა ხალხი ძალიან გადაღალა. მათი პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იყოს გადაყვანილი და ეს ძიძგილაობა, დაკავებები-გამოშვებები, უწყვეტ ეთერში, ოთხ ფანჯარაში ამ ყველაფრის ყურება რას ემსახურება, გაუგებარია“, – განაცხადა იოსელიანმა.