ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა ხელ-ფეხი გაუხსნა „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა
ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა ხელ-ფეხი გაუხსნა „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დიდი უპასუხისმგებლობაა იმ ძალისხმევასთან მიმართებით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიდო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლო საქციელით ხელ-ფეხი გაუხსნა „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა.

„წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ და პოლიტიკურმა სპექტრმა, რათა ეს შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო. „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უარი ცალმხრივად თქვა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის გაკეთების საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხიმგებლო საქციელმა მისცათ, როდესაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ხელ-ფეხი გაუხსნა „ქართულ ოცნებას“, შეთანხმებაზე უარი ეთქვა.

ეს არის თანაბარი უპასუხისმგებლობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იჩენდა. ჩემთვის ეს არ იყო დიდი სიურპრიზი, რადგან ხშირად ამბობდნენ, რომ ეს პროცესი აქამდე მივიდოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები გადასარჩენია, რადგან ამაზე უარის თქმა შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში შედიოდეს, რომ მომავალი არჩევნებისთვის 2 -პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არ იყოს. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს და ამისთვის მოხდა ანულირება. ეს აქამდე რომ მივიდოდა, პარტიებში უნდა ყოფილიყო განხილული. ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ამას გამოიწვევდა. თვითმმართველობის არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ, საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. პოლარიზების შემცირებას უნდა შევეცადოთ. „ქართულ ოცნებასთან“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 15 არჩევნები აქვს წაგებული და ეს ციფრი უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია, სხვა პარტიების გაძლიერება. მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობა უარს არ იტყვის, მაგრამ ამას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებიც“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობას, რომ რიგგარეშე არჩევნებს ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნავენ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია, იოსელიანი ვარაუდობს, რომ ეს უბრალოდ სიტყვის მასალა უნდა ყოფილიყო.

„მგონია, რომ ეს სიტყვის მასალა იყო. ეჭვი მეპარება, 53-პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. დასავლეთის მხრიდან მკაცრ შეფასებას ველოდები, რადგან შეთანხმებაში დიდი ძალისხმევაა ჩადებული. აღმოჩნდა, რომ ამხელა ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.