ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, არ აქვს იმდაგვარი მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში აქციების გზით დიდ ცვლილებებს გამოიწვევს
ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, არ აქვს იმდაგვარი მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში აქციების გზით დიდ ცვლილებებს გამოიწვევს

ოჯახის პოზიცია არ მიკვირს. გასაგებია, ოჯახი თავისი ოჯახის წევრის პატიმრობიდან დახსნას და მისი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს. თუ სააკაშვილს რაღაც სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ან არ მიეწოდება, მას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ეს სხვაგან მიიღოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკური პროცესის მონაწილეცაა, რაც საქართველოში ხდება.

„როგორც არ უნდა ვთქვათ, რომ რიგითი პატიმარია, კი არის რიგითი პატიმარი, მაგრამ ეს რიგითი პატიმარი ამავე დროს არის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერი, რომელიც ამ ქვეყანაში ქმნის ოპოზიციურ პოლიტიკურ განწყობას. ამ აქციებისგან რაღაც მოლოდინი, რომ ეს მასშტაბურ აქციებში გადაიზრდება არ მაქვს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, არ აქვს მხარდაჭერა იმდაგვარი, რომელიც ამ ქვეყანაში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს აქციების გზით. ამ ქვეყანაში ბევრი ხალხი ყოველთვის გამოდის უსამართლობის გამო. რაც კი გამოსვლები გვინახავს ყველა გამოსვლა იყო დიდი უსამართლობის გამო. როდესაც ადამიანს ღირსება ჰქონდა შელახული. ამ კონტექსტში მეეჭვება, რომ ასეთ დიდ გამოსვლებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება ნამდვილად არის, რომ იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე და მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რაც მას ესაჭიროება, რომ თავი კარგად იგრძნოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ძმებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც უწყვეტი აქციები დაანონსეს.