ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური თამაშის წესი, რომ ან უნდა მიიღოს ყველაფერი, ან მზად არის, საერთოდ ყველაფერი დაკარგოს
ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური თამაშის წესი, რომ ან უნდა მიიღოს ყველაფერი, ან მზად არის, საერთოდ ყველაფერი დაკარგოს

ოპოზიციის მხრიდან თავიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ამომრჩეველს იმედგაცრუების მეტს არაფერს მოუტანს, რადგან დავინახეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებით ეს საკითხი საერთოდ დაიხურა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას რეალური დღის წესრიგი ჰქონდეს, რაც მოქალაქეების ინტერესებზე იქნება მორგებული.

„ჩვენ პროცესებს ასე ვუყურებთ და ნაკლებად მაინტერესებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა გეგმები აქვს. ამ ეტაპზე, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია, რადგან ამ მოთხოვნას ბოლო არჩევნებმა ძალიან მკაფიო წერტილი დაუსვა. ჩვენდა სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი არ არის მხოლოდ მათი დღის წესრიგი, მათ გარდა, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალის დღის წესრიგია და ამას მიჰყვებიან ხოლმე, რაც მათი არჩევანია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ცხადჰყო, რომ პარტიული იდენტობა, რომელიც ამ ყველაფერში იკარგება, რა შედეგს იძლევა. ყველა პარტია თავად უნდა ცდილობდეს, მოქალაქეებს მათზე ორიენტირებული საკითხები შესთავაზოს. მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ყველას მიერ გაზიარებული ვერ იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური თამაშის წესი, რომ ან უნდა მიიღოს ყველაფერი, ან მზად არის, საერთოდ ყველაფერი დაკარგოს. ქვეყანაში ბოლო წლებში 15 არჩევნები ჩატარდა და წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან თვლის, რომ ერთბაშად უნდა შეცვალოს ხელისუფლება, რისი ძალაც მას არ შესწევს და სხვა სტრატეგიაზეც არ ფიქრობს“, – განაცხადა იოსელიანმა.