ლევან იოსელიანი - მოსამართლეებზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ხელისუფლებისთვის შესაბამისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება
ლევან იოსელიანი - მოსამართლეებზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ხელისუფლებისთვის შესაბამისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება

აშშ-ის საელჩოს განცხადება მოსამართლეებზე არ არის მხოლოდ განცხადება, ამას მოჰყვება შესაბამისი პოლიტიკური შედეგები ხელისუფლებისთვის, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამ საკითხის ასე უხეშად გადაწყვეტა რეაგირებას გამოიწვევდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკას უამრავი რამ აქვს არსენალში, რაც შეუძლია, აამოქმედოს.

„ამერიკის საელჩომ ძალიან ცხადად გამოხატა დამოკიდებულება სასამართლო რეფორმის გაშვებულ შესაძლებლობაზე. მან თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნა ეწინააღმდეგება შეთანხმებას და ეს ადამიანები არ იყვნენ შერჩეული ინკლუზიური წესით, შესაბამისად, ნაკლებად კვალიფიციურმა მოსამართლეებმა დაიკავეს უზენაესს სასამართლოში ადგილები. ამაზე უფრო ცხადად და მკაფიოდ შეუძლებელია, პარტნიორებმა ის გადაწყვეტილება შეაფასონ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და რის შედეგადაც ექვსი ადამიანი უზენაეს სასამართლოში განაწესა. ეს არ არის მხოლოდ განცხადება, ჩემი აზრით, ამას მოჰყვება შესაბამისი პოლიტიკური შედეგები ხელისუფლებისთვის, რადგან მათ უნდა, სცოდნოდათ, რომ ამ საკითხის ასე უხეშად გადაწყვეტა რეაგირებას გამოიწვევდა. ამერიკას უამრავი რამე აქვს არსენალში, რაც შეუძლია, აამოქმედოს. ევროკავშირმა უკვე მიანიშნა იმ ტრანშზე, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს და კითხვის ქვეშ დადგეს ამ შეთანხმების დარღვევის გამო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სამწუხაროა, რომ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება“.