ლევან იოსელიანი - მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევქმენით
ლევან იოსელიანი - მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევქმენით

მოხარული ვარ, რომ ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კანონპროექტის უდიდესი ნაწილი არის მოწონებული და გაზიარებული.

„არის რამდენიმე შენიშვნა და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ, თუმცა ეს შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტით, სადაც საუბარი არის ორი მესამედით თავმჯდომარის არჩევაზე, სწორედ ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. მეორე, რაც ასევე მთავარია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან უფრო ფართო განხილვა, რომ იყოს შეთანხმება, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ვაპირებთ სამუშაო ჯგუფმა ფართო შემადგენლობით დავიწყოთ კანონპროექტის განხილვა და კოლეგა ოპოზიციური პარტიები ვიცი, უკვე თანახმა არიან ჩაერთონ ამ საქმიანობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა ჩემი აზრით, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ ყველანაირ აზრთა სხვადასხვაობას დაუსვა წერტილი. თუ კარგად წაიკითხავთ ამ დასკვნას, იქ შემოთავაზებულია ბევრი დემოკრატიული მექანიზმი როგორ შეიძლება ამის განხორციელება“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს არის ვითარება, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი მექანიზმი.

„თუმცა ვიზიარებ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ყველა არჩევნების წინ ცვლილება საარჩევნო კოდექსის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეებს დავუბრუნოთ ნდობა არჩევნების მიმართ და ეს ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება. როგორც კი ჩაივლის სადღესასწაულო დღეები, ჩვენ ვაპირებთ მოვიწვიოთ სამუშაო ჯგუფი და დავიწყოთ ამ ცვლილებებთან ერთად დაინიცირებული კანონპროექტის განხილვა, დავაყენოთ პირველ მოსმენაზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნეს.

საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:

„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;

2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;

3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ  მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.