ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამეტში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციას და მმართველ გუნდს შეუძლია, გადადოს თავისი პარტიული ამბიციები და იმუშაოს, რომ მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა
ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამეტში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციას და მმართველ გუნდს შეუძლია, გადადოს თავისი პარტიული ამბიციები და იმუშაოს, რომ მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა

ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, უფრო მეტიც, ისტორიული დღეა, როდესაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რის მიხედვითაც, საარჩევნო გარემო იცვლება ფუნდამენტურად, იცვლება იმდაგვარად, რომ გაყალბების, მანიპულაციის, სხვა ასეთი ტიპის მოქმედება პრაქტიკულად იქნება შეუძლებელი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები არის საწინდარი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში.

„ძალიან მიხარია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, როდესაც შემოვიდნენ, შემოუერთდნენ ამ სამუშაო პროცესს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ამ პარლამეტში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ოპოზიციას და მმართველ გუნდს შეუძლია, გადადოს თავისი პარტიული ამბიციები და იმუშაოს, გაასწოროს დღე და ღამე იმისთვის, რომ მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა. ეს პრეცედენტი შევქმენით პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც არის თავისი მნიშვნელობით ზეპარტიული, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან. მადლობას ვუხდი ძალიან კორექტულ და პროფესიონალ კაცს, ვისთან ერთადაც მომიწია ამ კანონპროექტზე მუშაობა და იმედს გამოვთქვამ, რომ იქნება საკითხები, სადაც ჩვენ ასევე შევძლებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ საერთო გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი