ლევან იოსელიანი – მმართველმა პარტიამ ქვეყნის გარეთ მთელ რიგ ფორმატებში ცალსახა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თანმიმდევრულობას ვერ ვხედავ ქვეყნის შიგნით
მმართველმა პარტიამ ქვეყნის გარეთ მთელ რიგ ფორმატებში ცალსახა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თანმიმდევრულობას ვერ ვხედავ ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან ხშირად არის, როცა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს უჭირთ არტიკულაცია ისეთი სწორი გზავნილების, რომელიც ცალსახად არის უკრაინის მხარდამჭერი“, – განაცხადა იოსელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის უკრაინის მხარდაჭერის თემა შიდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას ზედმეტ სიფრთხილეში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის ნაწილს დესტაბილიზაციის მცდელობაში და ომში საქართველოს ჩართვის სურვილში, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოში არის და, რაზეც ქართული პოლიტიკა დგას – „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება.
„ისინი სამწუხაროდ, ამ მძიმე სიტუაციაშიც არ ერიდებიან იმას, რომ ერთმანეთს ასეთი ურთიერთბრალდებები წაუყენონ. სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა, რომ საქართველოში არის პარტია, რომელსაც უნდა, ამ ქვეყანაში ომი დაიწყოს და ნამდვილად არ მჯერა იმის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავს ძალა, რომელიც პუტინის პოლიტიკას ატარებს. ამიტომ, სიმართლე არც იქით არის და არც აქეთ, სადღაც შუაშია, როგორც წესი. მნიშვნელოვანია, ამ შიდა კინკლაობას არ გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქართველები არავისზე ნაკლები მებრძოლები არ არიან, საქართველო თავისი რესურსებით ვერ იქნება რუსეთის ფედერაციის მიმართ თანაწონადი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე შეიძლება, მთლიანად რუსეთის შეიარაღება იყოს.
„ეს არის ჩვენი კონსოლიდაცია და იმის ჩვენება, რომ საქართველოში მათ დასაყრდენი არ აქვთ. დღეს პოლიტიკოსებზეა პასუხისმგებლობა და ერთიანობა პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ“, – განაცხადა იოსელიანმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ნეიტრალიტეტის თემა მაშინ, როცა საქართველოს ოფიციალური გაცხადებული კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ხშირია ხოლმე რაღაც თემების შემოგდების მცდელობა, რომ შემდეგ, ამ თემებზე ერთმანეთთან დაპირისპირება და პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყოს.
„ნეიტრალიტეტი, ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის ნიშნავს სუვერენიტეტზე უარის თქმას. საქართველომ 1918 წელს თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში ჩაწერა, რომ ის ნეიტრალური ქვეყანაა და მერე, 1921 წელს, როგორ დასრულდა საქართველოს ისტორია, ყველამ კარგად ვიცით. მოლდოვა არის ნეიტრალური ქვეყანა, მაგრამ მის ტერიტორიაზე დგას რუსის ჯარი. ნეიტრალიტეტი იმ შემთხვევაში შეიძლება, იყოს განხილვის საგანი, თუ არსებობს უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები, რომელიც აგრესორისგან დაგიცავს, დღეს კი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გარდა ასეთი გარანტია არ არსებობს. ჩვენ მათ შორის, კონსტიტუციაში გვიწერია და მთავრობის ვალდებულებაა, ისწრაფოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირისკენ. ამიტომ, დღეს ამ საკითხზე საუბარი და დებატებიც კი დამაზიანებელია ქართული პოლიტიკისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.