ლევან იოსელიანი - მივესალმები ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში, თუ შესაძლებელი იქნება, შეამცირებს დაძაბულობასა და პოლარიზაციას
ლევან იოსელიანი - მივესალმები ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში, თუ შესაძლებელი იქნება, შეამცირებს დაძაბულობასა და პოლარიზაციას

მივესალმები ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში რაღაცა დონით მაინც, თუ შესაძლებელი იქნება, შეამცირებს დაძაბულობასა და პოლარიზაციას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა ერთხელ უკვე შეძლო ამდაგვარი როლის შესრულება, როდესაც შარლ მიშელთან ერთად პლატფორმა შექმნა, რათა პოლიტიკური პარტიები შეთანხმებულიყვნენ და ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის.

„ვფიქრობ, ძალიან სწორი არის, რომ ისევ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყოს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ამ ქვეყნის პოლარიზაციის შემცირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ტიპის პოლიტიკის კეთება დაიწყოს ამ ქვეყანაში რომელიც ორიენტირებული იქნება არსებითად ქვეყნის გამოწვევებზე და არამხოლოდ ერთმანეთის გაშავებისა და ზიზღის კამპანიაზე. რამდენად ინკლუზიური იქნება, ეს დამოკიდებული არის, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და აქტორების ჩართულობაზე, ნება-სურვილზე. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ნამდვილად მივესალმები ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში, რაღაცა დონით მაინც თუ შესაძლებელი იქნება, შეამცირებს დაძაბულობას და პოლარიზაციას. ვფიქრობ, ჩვენ თუ შევძელით, რომ შარლ მიშელის მონაწილეობით დავმსხდარიყავით ერთ მაგიდასთან გვესაუბრა საკითხებზე და მიგვეღწია რაღაც შეთანხმებისთვის, ე.ი ამის რესურსი არსებობს, ახლა აუცილებლად უცხოელი უნდა იყოს რომ რეალურად დიალოგი შედგეს? ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელიც არის, რომ ქართველებმა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და ამის პლატფორმა თუ იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი ეს იქნება მხოლოდ კარგი. უცხოელი შუამავლები არ უნდა გვჭირდებოდეს ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან სასაუბროდ, ეს არის ჩემი დამოკიდებულება და როდესღაც ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ყველა პარტიამ ნაბიჯები“, – განაცხადა იოსელიანმა.