ლევან იოსელიანი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა
ლევან იოსელიანი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება და ყველა, ვინც აღნიშნულ საქმეში წვლილი შეიტანა, მადლობას უხდის.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ პოზიციაზე იმყოფება ეს ადამიანი, სასულიერო პირია, ხელისუფლების წარმომადგენელია თუ ოპოზიციის, ვინც რამე ტიპის წვლილი შეიტანა ამ ადამიანის გათავისუფლებაში, ყველას ეკუთვნის მადლობა“, – განაცხადა იოსელიანმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.