მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პლებისციტს წააგებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.
„წუხელ საღამოს, გვიან დამიკავშირდნენ, რომ დღეს დილით გაიმართებოდა შეხვედრა. მოვედი, იმედი მაქვს, რომ საბოლოდ შეთანხმებით დასრულდება. დანიელსონის დარჩენაც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც პოზიციები დაახლოებულია. დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოვალ მერე გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს.
რა საკითხზეც ვსაუბრობდი აქამდე, იმ საკითხზე გავაგრძელებ საუბარს – ეს არის სასამართლო რეფორმის შესაძლებლობა ამ შეთანხმების ფარგლებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მიმაჩნია, ამ საკითხის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. სასამართლოს რეფორმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი ტიპის შეთანხმება.
პლებისციტი არ მგონია კარგი იდეა, მაგრამ თუ ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მათი გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციისთვის ცუდი გამოსავალი, რადგან პლებისციტს წააგებს“,- განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე პარტია „მოქალაქეების“ გარდა იმყოფებიან „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებელის“, „გირჩისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრები.