ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვჭირდება კვალიფიციური დასკვნა, რომელსაც ყველა ენდობა
ლევან იოსელიანი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვჭირდება კვალიფიციური დასკვნა, რომელსაც ყველა ენდობა

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელსაც გარკვეული ფორმით გადაწყვეტა სჭირდება. ქვეყნის შიგნით უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ჯანმრთელობა დაცულია, ასევე ქვეყნის გარეთ გულშემატკივრებმაც უნდა იცოდნენ, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი, ამას მეტი ინფორმაცია სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კვალიფიციური დასკვნაა საჭირო, რომელსაც ყველა ენდობა.

„მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვისმენთ. ჩემთვის დამაჯერებელი არც ერთი მხარე არ არის. სინამდვილეში, ეს კაცი როგორ არის, რა აწუხებს და შესაძლებელია თუ არა საქართველოში მკურნალობა თუ მისი საზღვარგარეთ გაყვანა, ამაზე კვალიფიციური დასკვნა გვჭირდება, რომელსაც ყველა ენდობა. ვფიქრობ, კონსულიუმი უნდა შეიქმნას, სადაც იქნებიან ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი ექიმები და მან უნდა დაადგინოს სიმართლე, რადგან სხვა შემთხვევაში მუდამ მარჩიელობა გვიწევს. ამ ვითარებაში საუბარი რთულია, რადგან ერთი მხარე ყველაფერს ტრაგიკულად ახასიათებს, ხოლო მეორე ამბობს, რომ საერთოდ არაფერი ხდება. თუ სერვისების მიწოდება შესაძლებელია საქართველოში, უნდა მიეწოდოს, თუ არ არის, მაშინ საზღვარგარეთ უნდა გაიყვანონ. საზღვარგარეთ მისი გაყვანის საკითხი არ არის დაკავშირებული მის გათავისუფლებასთან. სასჯელის გადავადება ადამიანის გათავისუფლებას არ გულისხმობს, არამედ კონკრეტულ სიტუაციაში მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგ დაბრუნებას. უფრო ნათელი ტერმინი გვჭირდება, გაყვანაში რა იგულისხმება, ხალხს ჰგონია, რომ გაყვანა ყველაფრისგან გათავისუფლებაა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.