ლევან იოსელიანი - მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს
ლევან იოსელიანი - მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლარიზების დასრულება.

მისი შეფასებით, ოპოზიციაში მოიძებნება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შევა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმების შესრულებას. მემორანდუმის თანახმად გვქონდა შეთანხმება, რომ დაინიცირდებოდა ცვლილებები, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწევდა სულ მცირე 3 პროცენტამდე და დატოვებდა სივრცეს იმისთვის, რომ 3-პროცენტიანი ბარიერიც იყოს მსჯელობის საგანი იმ პარტიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო დაბალი ბარიერის არსებობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში პოლარიზება რაღაცნაირად დავასრულოთ და ყველა შემდგომი არჩევნები იყოს არჩევნები არა ორ პარტიას, ძირითად ორ მოთამაშეს შორის, არამედ მრავალ პარტიას შორის. ეს არის ამოცანა, რასაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.