ლევან იოსელიანი - ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, შიმშილობის გამო ციხიდან ვერავინ გამოვა
ლევან იოსელიანი - ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, შიმშილობის გამო ციხიდან ვერავინ გამოვა

კონტექსტი, როცა მაჰათმა განდი შიმშილობდა, დღევანდელი ვითარებისგან განსხვავდება. მიდგომა, რომ მე თავი უნდა დავიზიანო, ოღონდ შენ იყავი კარგად, თანამედროვე პოლიტიკაში დიდი ხანია, მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის შიმშილობის ფორმის ეფექტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „მასობრივი შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი, აპარტეიდი ჩამოშალეს“.

ლევან იოსელიანის თქმით, სააკაშვილის მხრიდან ეს შედარება აბსოლუტურად უადგილოა.

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს შედარება აბსოლუტურად უადგილოა. ის კონტექსტი, როცა მაჰათმა განდი შიმშილობდა, დღევანდელი ვითარებისგან ერთმანეთისგან განსხვავდება. მიდგომა, რომ მე თავი უნდა დავიზიანო, ოღონდ შენ იყავი კარგად, თანამედროვე პოლიტიკაში დიდი ხანია, მიუღებელია. შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, დიდი ხანია, ევროპაშიც აღარ გამოიყენება. ამ პოლიტიკურ პარტიას ყველა ინსტრუმენტი აქვს, მათ შორის საკუთარი მედია, რომ თავისი საპროტესტო მოსაზრება საკუთარ ამომრჩევლამდე მიიტანოს. ეს არქაული თვითგვემის ფორმაა, რომელიც პრინციპულად მიუღებელია. ამას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან შიმშილობის გამო ციხის კარი არ გაიღება და ციხიდან ვერავინ გამოვა, ვინც არ უნდა იყოს პატიმარი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.