ლევან იოსელიანი – კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა ამჯერად ნამდვილად შედეგიანი იქნება
კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა ამჯერად ნამდვილად შედეგიანი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ამის იმედს მაძლევს ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხრიდანაც, რომ ყველა მხარე მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება, შედეგი დაიდოს. ის წითელი ხაზები, რომელიც აქამდე ორივე მხარეს ჰქონდა, გადაიხედება. ყველა გაიაზრებს, რომ ქვეყანას აღარ აქვს იმის რესურსი, ამდენი ხანი ჯანჯღარსა და პოლიტიკურ კრიზისში იყოს. პირველ რიგში, ეს უნდა დასრულდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ გამარჯვებული და დამარცხებული მხარე არ არსებობს, აქ უნდა იყოს გამარჯვებული ხალხი, რომელმაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს დაუჭირა მხარი და უთხრა, რომ ყველა პრობლემა პარლამენტში უნდა გადავიდეს და დებატები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკება იძლევა ყველაფრის საშუალებას, მათ შორის დღის წესრიგის განახლების შესაძლებლობას.
„არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ვფიქრობ, იმ ექვს პუნქტში არის პუნქტები, რომლებიც ამოღებული უნდა იყოს, რადგან შეიძლება, კონსენსუნსი ვერ შედგეს. იმ პუნქტის ნაცვლად, სხვა პუნქტი ჩაემატოს. მოლაპარაკება ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის დღის წესრიგის საერთოდ განახლების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანმა საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, ვისაც ქვეყანა ადარდებს, თავს თვლის ანგარიშვალდებულად, გააჩნია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უჭირავს მანდატი, ის უნდა შევიდეს პარლამენტში და ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.
„ამ ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ვარ და ინიცირებას ერთობლივად ვახდენთ. მიმაჩნია, რომ დაბალი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციისგან თავის დასაზღვევად. უკეთესი პოლიტიკური სისტემის მისაღწევად, საქართველოში საჭიროა დაბალი საარჩევნო ბარიერი. ვისაც ეს ქვეყანა ადარდებს, თავს ანგარიშვალდებულად თვლის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია და მანდატი უჭირავს, ის უნდა შემოვიდეს, ამ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს და მერე თავისი დღის წესრიგი გააგრძელოს. ეს ის საკითხია, რომელიც ზეპარტიულია, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისა და პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს ინტერესშია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.