ლევან იოსელიანი - კარგია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გაკეთდა, მაგრამ ამას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა რეფორმების გატარების თვალსაზრისით
ლევან იოსელიანი - კარგია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გაკეთდა, მაგრამ ამას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა რეფორმების გატარების თვალსაზრისით

კარგია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთება ხდება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ამის გარეშე ეს განაცხადი განაცხადად დარჩება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა ყველასთვის მნიშვნელოვანია, რეფორმებზე კონცენტრირება.

„ალბათ, ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი სასამართლოთი ვერანაირი კანდიდატობის სტატუსს ვერ მოვიპოვებთ და გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. შეიძლება, უკრაინას ომის გამო რაღაც ეპატიოს, თუ შეიძლება, მასთან დაკავშირებით თვალი დახუჭონ და ეს სწორიც იქნება, რადგან მთელი ევროპის გასაკეთებელს ახლა უკრაინა აკეთებს. ჩვენს შემთხვევაში ასეთ გამონაკლისს არ დაუშვებენ, რადგან ჩვენ გვჭირდება რეფორმები, მისი სწრაფი და ხარისხიანი გატარება. ეს უნდა იყოს სასამართლოს რეფორმირება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.