ლევან იოსელიანი – ჯარიმები ჩაანაცვლა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ, შემოვიდა უალტერნატივოდ პატიმრობები, ვთვლით, რომ ეს ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი წარადგენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც გასაჩივრდება პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში წელს შეტანილი რიგი ცვლილებები.
როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სარჩელის წარდგენა წელს სავარაუდოდ, ვერ მოესწრება, ხოლო, თუ მოესწრება, წელსვე წარადგენენ.
„ვგულისხმობ, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს და არა მარტო ამ კანონს. იცით, რომ ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა, უალტერნატივოდ პატიმრობები შემოვიდა, ადმინისტრაციული და ა.შ. წლის დასაწყისში ჯერ დაწესდა და შემდეგ გაიზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვაზე, სახის ნიღბებით დაფარვაზე და ასე შემდგომ. რამდენიმე თვის წინ კიდევ უფრო გამკაცრდა და ჯარიმები ჩაანაცვლა უკვე ადმინისტრაციულმა პატიმრობამ; სწორედ პროპორციულების და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ ჩვენ, უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება, ამიტომ თვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ“, – განაცხადა იოსელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იზიარებს კანონმდებლის არგუმენტს, რომ თვეების განმავლობაში ჯარიმებმა პრევენცია ვერ მოახდინა, ვერ იმუშავა ეფექტურად და რეგულაციების გამკაცრება ამიტომ გახდა საჭირო, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფის მიერ რაღაც გადაცდომის, დარღვევის, თუნდაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება, მთელ ქვეყანაზე განზოგადდეს და ყველას შეეხოს.
„ის, რომ რუსთაველზე რაღაც მოვლენებს აქვს ადგილი და იქ რაღაც ჯგუფი პერმანენტულად, თუნდაც თავისი პოლიტიკური, თუ სხვა ტიპის ამოცანებით შეგნებულად არღვევს კანონს, თუ ასეც აქვს ადგილი, ეს არ შეიძლება, გავრცელდეს ყველაზე. რა საკანონმდებლო ცვლილებებიც მიიღეს, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილას სოციალური ნიადაგზე წარმოშობილი პროტესტი იქნება, თუ სხვა შეკრება, მათი მონაწილეების მიმართაც ეს მკაცრი კანონმდებლობა იქნება გავრცელებული, რაც არათანაზომიერად შეზღუდავს ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა იოსელიანმა.