ლევან იოსელიანი - იმედი მაქვს, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის რეზოლუციას ყველა საპარლამენტო პარტია დაუჭერს მხარს
ლევან იოსელიანი - იმედი მაქვს, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის რეზოლუციას ყველა საპარლამენტო პარტია დაუჭერს მხარს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს წლიური ანგარიშისას გაკეთებული გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გუშინ პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა და ვფიქრობ, რომ ყველას უთხრა სიმართლე. არ იყო იოლი ამ სიმართლის მოსმენა ქართული ოცნებისთვის და სხვა ჩემი კოლეგებისთვისაც, მაგრამ მადლობა მას ამ სიმართლისთვის, რომ დანარჩენი საქართველო მართლაც ფიქრობს ისე, როგორც მის გზავნილებში იყო ასახული. დღეს ნამდვილად არის ის დრო, როდესაც ამ კრიზისულ სიტუაციაში საერთო მიზნის მიმართ გავერთიანდეთ.

დღეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია განიხილება და იმედი მაქვს, რომ ამ რეზოლუციის განხილვა ზედმეტი დაპირისპირების გარეშე ჩაივლის და ამ დარბაზში  უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მას მხარს. ჩვენ ახლა მაინც უნდა გავარჩიოთ დიდი და ვიწრო პარტიული მიზნები ერთმანეთისგან და ვიდგეთ იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს ინტერესი დგას. ქართული სახელმწიფოს ინტერესი არის ევროკავშირი და ინტერესია დავუპირისპირდეთ კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერს, რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც არავის არ ინდობს თავის გზაზე. ამას სჭირდება კონსოლიდაცია, ამას სჭირდება საერთო ძალისხმევა და დღეს ეს რეზოლუცია ერთ-ერთი მთავარი ტესტი იქნება, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაბაროთ და ვაჩვენოთ ჩვენი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო და იქნება ევროკავშირი და დასავლური ღირებულებები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.