ლევან იოსელიანი - იმ სიტუაციაში, როცა კომპრომისების გზით მოვდივართ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დამატებით სანქცირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - იმ სიტუაციაში, როცა კომპრომისების გზით მოვდივართ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დამატებით სანქცირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ნამდვილად არ ვარ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარი, მაგრამ ამ სიტუაციაში, როცა კომპრომისების გზით მოვდივართ და შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა მოხდა, დამატებით სანქცირება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ზოგადად, ის, რომ სხვა ქვეყნიდან არჩევნებზე გავლენის მოხდენა არავის უნდა შეეძლოს, მისთვის მისაღებია.

„ამ პრინციპს ვემხრობი, მაგრამ ახლა ეს ამ სიტუაციაში დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის აქტიურობასთან. ამ კონტექსტში ამ ცვლილებების შეტანა დაგვაშორებს იმ შეთანხმებისგან, რომელსაც მივაღწიეთ, ვიდრე დაგვაახლოებს. არ ვარ მომხრე, პროცესი რადიკალიზაციისკენ წავიდეს მაშინ, როცა პარლამენტს აქვს შანსი, შეივსოს და სრულფასოვნად შედგეს“, – განაცხადა იოსელიანმა.