ლევან იოსელიანი - გვსურს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოოდ შევჯერდეთ ვერსიაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება
ლევან იოსელიანი - გვსურს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოოდ შევჯერდეთ ვერსიაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო გარემოს რეალურად შეცვლის და საკანონმდებლო დონეზე ისეთ მექანიზმს გააჩენს, რომლითაც არჩევნების გაყალბება ძალიან რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ეს არის საარჩევნო ჯგუფის მიზანიც.

„არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დამატებით შენიშვნებს ველოდებით, რომლის ნაწილი უკვე გადმოგვეგზავნა, ნაწილი კიდევ გადმოიგზავნება. ვცდილობთ, ყველაფერი გავითვალისწინოთ. ხშირ შემთხვევაში, ეს რეკომენდაციები, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და სწორედ ამიტომ გვინდა, მათთან ერთად საბოლოოდ შევჯერდეთ ისეთ ვერსიასა და ფორმულირებაზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.