ლევან იოსელიანი - გრიგოლ ვაშაძის განცხადება მოულოდნელი იყო, თუმცა არის ერთი რამ, არავის გვინდა არც რევოლუცია, არც ამ ქვეყნის ჯანჯღარი და წვალება
ლევან იოსელიანი - გრიგოლ ვაშაძის განცხადება მოულოდნელი იყო, თუმცა არის ერთი რამ, არავის გვინდა არც რევოლუცია, არც ამ ქვეყნის ჯანჯღარი და წვალება

გრიგოლ ვაშაძის განცხადება მოულოდნელი იყო, თუმცა არის ერთი რამ, არავის გვინდა არც რევოლუცია, არც ამ ქვეყნის ჯანჯღარი და წვალება, – განაცხადა „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა.

ამასტან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლის თაობაზე ოპოზიციის პოზიცია არის გაცხადებული და ის უცვლელია.

„გრიგოლ ვაშაძის განცხადება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა არის ერთი რამ, რომ არავის არ გვინდა ამ ქვეყანაში, პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური პარტიის სახელით, არც რევოლუცია, არც ამ ქვეყნის ჯანჯღარი და წვალება. ყველას გვინდა, რომ გვქონდეს ნორმალური სიტუაცია, მაგრამ ამას სჭირდება სამართლიანი საარჩევნო გარემო, ამას სჭირდება რომ გაყალბებული, მოპარული ხმები დაუბრუნდეს ისევ იმათ, ვისაც ეს ხმები მოპარეს. სხვანაირად არ გამოვა. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნები.

უკან დახევაში ვგულისხმობ იმ მოთხოვნებს, რაც ოპოზიციას აქვს წაყენებული ხელისუფლებისთვის. ამ. მოთხოვნებზე სასაუბროდ შეიძლება, იყოს შეხვედრა, რომელზეც გრიგოლ ვაშაძე საუბრობს, ისიც ჩვენი უცხოელი მეგობრების თანდასწრებით. სხვა განსხვავებული მოთხოვნა ოპოზიციას არ დაუყენებია, მე ვფიქრობ რომ ოპოზიციაში არის ერთიანობა და ეს არ დარღვეულა და ჩვენი მოთხოვნები უცვლელია.

მე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში ამოვიკითხე, რომ მზად არის, საერთო ოპოზიციურ მოთხოვნებზე დაიწყოს დიალოგი ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ერთად. მე ასე გავიგე, არ ვიცი, სხვამ ვინ როგორ გაიგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი. მგონია, რომ დიალოგი უნდა იყოს გაყალბებული და მოპარული არჩევნების დაბრუნებაზე.

პარლამენტში შესვლაზე, პარლამენტში შესვლის თაობაზე ოპოზიციის პოზიცია არის გაცხადებული და ეს პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გაავრცელა. „მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.