ლევან იოსელიანი - გენერალური პროკურორის არჩევის ცუდი წესის დაკანონება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ სჭირდებათ, მშვენივრად ახერხებენ საერთო ენის გამონახვას
ლევან იოსელიანი - გენერალური პროკურორის არჩევის ცუდი წესის დაკანონება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ სჭირდებათ, მშვენივრად ახერხებენ საერთო ენის გამონახვას

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არიან მომხრე, კონსტიტუციაში დააკანონ ცუდი ცვლილებები, რომელიც ერთი წლით გენერალური პროკურორის არჩევას გულისხმობს, ეს აწყობს მხოლოდ ამ ორ პარტიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, ეს მიუთითებს იმას, რომ როცა სჭირდებათ, აღნიშნული პარტიები ახერხებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას.

ამასთან, იოსელიანის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები იძლევა საშუალებას ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს და მხარს არაფერს უჭერს, აღმოჩნდა, უცებ, ამ ცვლილებების მიმართ აქვს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი და მხარს მხოლოდ ამ ცვლილებებს უჭერს. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არიან მომხრე, რომ კონსტიტუციაში დააკანონ ცუდი ცვლილებები, რომელიც ერთი წლით პროკურორის არჩევას გულისხმობს. ეს აწყობს მხოლოდ ამ ორ პარტიას, მას მხარს სხვა არავინ უჭერს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ როცა მათ სჭირდებათ, მშვენივრად ახერხებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას.

რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი? ეს კანონი აუარესებს დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში, ეს ცვლილებები იძლევა საშუალებას ქვეყანას ჰყავდეს ერთი წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე. ის ერთ წელს მოანდომებს მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობას ძებნას, რათა შემდგომში საქმიანობისთვის ვადა ერთი წლით გაიხანგრძლივოს. თუ გვინდა, ასეთი უკუსვლა განვიცადოთ, კი ბატონო, ამ ღილაკს ხელი დააჭირონ. ყველა ჯერზე, როცა საშუალება მექნება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდ უხერხულობას შევუქმნი, რადგან ქვეყანას ეყოლება ერთი წლით არჩეული მმართველი პარტიის მსახური პროკურორი და არა – დემოკრატიული წესით არჩეული ადამიანი, ვისაც საშუალება ექნება, პროკურატურაში თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.