ლევან იოსელიანი - გამიკვირდებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას რომ არ მართავდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ არის ამ პარტიის რიგითი წევრი
ლევან იოსელიანი - გამიკვირდებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას რომ არ მართავდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ არის ამ პარტიის რიგითი წევრი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სრულიად ლოგიკურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს აანონსებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი პარტიის რიგითი წევრი არ არის.

როგორც საქართველოს პირველ არხს იოსელიანმა განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

„მგონი, ამაზე უკვე ყველა შეთანხმდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტზე მეტი აიღო. გამიკვირდებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას რომ არ მართავდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ არის ამ პარტიის რიგითი წევრი. ის არის ადამიანი, ვისზეც დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანი მხარდაჭერა. არ მგონია, ამ აქციებს რაიმე პოლიტიკური შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალების თვალსაზრისით და სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ შეიწყალებს. იმ საქმეებზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს მისჯილი, რომელიც არის გირგვლიანის, გელაშვილისა და „იმედის“ საქმეები, ამ საქმეებზე ის არ არის პოლიტპატიმარი. თუნდაც ასე რომ იყოს და ეს ერთი წუთით რომ დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დანაშაულებრივი გზით შემოვიდა და მის მიმართ ამ ნაწილში პოლიტიკური მსჯავრის დადებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან საზღვრის უკანონო კვეთა სასჯელს ითვალისწინებს. ამ ნაწილში პოლიტიკური მოტივის და სარჩულის ძიება რთული იქნება, რადგან სადავოს არავის ხდის, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი