ლევან იოსელიანი – გახარიას გუნდის მოქმედებაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, ეს უფრო პოლიტიკურ გამოუცდელობას ჰგავს
ჩვენ კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ ამ სიტუაციაში უფრო დაბალანსებული, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანია, ვისთანაც დაკავშირებული არ არის მძიმე ბრალდებები და გამონათქვამები ოპოზიციის მიმართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმას, რაც საპარლამენტო ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება, მხარს დაუჭერს.
„თუ ვთვლი, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის რაღაც იქნება უკეთესი, მხარს დავუჭერ იმის მიუხედავად, ეს იდეა ვის თავში მოიხარშება. მნიშვნელობა არ აქვს, სწორი იდეა ვის თავში მოიხარშება, ამ იდეებს ვუჭერ მხარს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იოსელიანმა ასევე შეაფასა ფაქტი, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა კახა კუჭავას კანდიდატურას არ დაუჭირეს მხარი და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება პოლიტიკურ გამოუცდელობას ჰგავს.
„რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდის მოქმედებას, ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ გამოუცდელობას ჰგავს, ვიდრე სხვა რამეს. გუნდის დატოვებიდან ცოტა დრო გავიდა, რომ ასეთი პერფორმანსი აჩვენო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა გუშინ აირჩიეს. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგ წავიდა. არსებული ინფორმაციით, ექვსივე დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან. კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.