ლევან იოსელიანი – ევროპარლამენტართა მთავარი მოწოდება იყო, ყველა ჩაერთოს ყველა ფორმატში და ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, პროცესს ხელს არ უწყობს
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა 12 პუნქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა სამუშაო ფორმატში.
„მთავარი მოწოდება იყო, რომ ყველა უნდა ჩაერთოს ყველა ფორმატში და ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩემი კოლეგების პოზიციას, მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ყველას პოზიციას პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ ამ პროცესს ხელს არ უწყობს. მაქვს მოლოდინი, რომ ცალკეული დეპუტატები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, გადაწყვეტილებას პერსონალურად მიიღებენ და ამ პროცესში ჩაერთვებიან. პარტიებზე ვერაფერს გეტყვით, თავისი სტრატეგია აქვთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები ამ პროცესში ჩაერთვებიან.
„რამდენიმე დაპუტატი, განსაკუთრებით დამოუკიდებელი დეპუტატები ჩაერთვებიან ამ პროცესში და მინაწილეობას მიიღებენ. პარტიებს რაც შეეხება, პარტიულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული პოზიცია უჭირავთ. როგორ და რანაირად შეცვლიან პოზიციას, მათ უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ ქვეყანა“.