ლევან იოსელიანი - ევროკომისიის გადაწყვეტილებას მივესალმები, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და შეიძლება, ამისთვის ექვსი თვე მართლა არ ყოფილიყო საკმარისი
ლევან იოსელიანი - ევროკომისიის გადაწყვეტილებას მივესალმები, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და შეიძლება, ამისთვის ექვსი თვე მართლა არ ყოფილიყო საკმარისი

ევროკომისიის გზავნილი იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში არსებობს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა გზავნილია ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადება, რომ ისინი ქართულ პოლიტიკურ სპეტრს არ დააჩქარებენ პოლარიზაციის შემცირების სურვილში და გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებენ.

„მათ დაინახეს, რომ ქვეყანაში გარემო იმდენად პოლარიზებულია, მოკლე ვადაში შეთანხმების მიღწევის რესურსი არ არსებობს. მათ სრულიად სამართლიანად და სწორად მიიჩნიეს, რომ ეს განსაზღვრული დრო არ შეიძლება, იყოს გამოყენებული წნეხად ამ პოლიტიკურ პროცესზე და მიღწევის პერსპექტივაზე. აქედან გამომდინარე, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და მე ამას მივესალმები, სიმართლე გითხრათ. იმიტომ, რომ შესაძლებლობა ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და შეიძლება, ამისთვის 6 თვე მართლა არ ყოფილიყო საკმარისი. თუმცა, ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ 6 თვეც მალე გავა და ერთი წელიც, საბოლოო ჯამში კი, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ამიტომ, ვადა, როგორც არ უნდა გაგვიხანგრძლივონ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ 12 პუნქტს როგორ შევასრულებთ. როცა ვამბობ ჩვენი, მთავარი პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლება. ხელისუფლების შესასრულებელია და ხელისუფლების გადასადგმელია მთავარი ნაბიჯები; ხელისუფლებას მეტი თმენის ვალდებულება აქვს, ზოგადად, მეტი ვალდებულება აქვს ამ პროცესში და მან ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს. რაც მთავარია, უნდა შეეშვას პერიოდულად, ამ რაღაც აბსოლუტურად დამაბნეველი ანტიდასავლური გზავნილების გაჟღერებას სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან“, – განაცხადა იოსელიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არდაჯდომა მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

„ვისაც ლაპარაკი არ უნდა, ძალით ვერავინ აალაპარაკებს. ეს აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც. იმიტომ, რომ იმ სივრცეში, სადაც ჩვენ გვინდა, რომ დავბრუნდეთ, ყველაფერი მოლაპარაკების გზით წყდება და თუ ოთახში არ შეხვალ, არ დაჯდები და არ ილაპარაკებ, თავისთავად, ვერანაირ პროცესს ვერ ექნება წარმატება. ეს, მე მგონი, ორჯერ-ორი ოთხია და ამაზე საუბარი დროის კარგვად მიმაჩნია. რაც შეეხება იმას, კიდევ, რა შეიძლება, იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ვფიქრობ, გამოსავალი ასევე არის ის, რომ ოპოზიციის მიმართ მმართველი პარტიის დამოკიდებულება შეიცვალოს. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა ეჯავრებოდეთ, რიტორიკა უნდა შეცვალონ. ჯობია, ეს რიტორიკა არ იყოს ასეთი აგრესიული, ხშირ შემთხვევაში დამამცირებელი და ა.შ. მესმის, რომ ეს ორმხრივია და რთულია, ამ ყველაფერს რაღაცნაირად არ უპასუხო ხოლმე, მაგრამ მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა მეტი აქვს და მან უნდა შეიკავოს თავი “, – განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, სად ხედავს ოპოზიციის პასუხისმგებლობას ამ პროცესში, რა უნდა დათმოს ოპოზიციამ და რა ნაბიჯები უნდა გადადგას პოლარიზაციის დასასრულებლად, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ პირველ რიგში, მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა შეხვედრაში და პროცესში სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს.

„ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი შეთანხმება წარმატებული იყოს. ეს არის მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რაც წერია მათ შორის, იმ 12 პუნქტიდან სამში, რომ ოპოზიცია უნდა მონაწილეობდეს ამ ყველაფერში. ახლა სხვა, ეს ხალხი მართლა ვერ დაგვიღეჭავდა ამაზე მეტად, როგორც გამოაგზავნეს ეს სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციას და მათ შორის, ოპოზიციურ მედიას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, არ იყოს ზიზღზე, ლანძღვაზე, სხვების დამცირებაზე აგებული კამპანია, ეთერში იყოს რეალური დებატები, პოლიტიკური დღის წესრიგი და არა ის, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს.

ლევან იოსელიანმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გავლენასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება პოლარიზაციას შეამცირებს, გადაცემის წამყვანის შეკითხვას კი, რატომ ვერ წარმოადგინა ოპოზიციამ ამ დრომდე კონკრეტული ფაქტი, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს რამე გავლენა აქვს კონკრეტულ საკვანძო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ასე უპასუხა – „ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, ის არ არის პოლიტიკისგან შორს. ეს მტკიცებულებები მე ვერ მექნება, თავისთავად. ალბათ, ეს მტკიცებულებები აქვს ბატონ ღარიბაშვილს და სხვებს, ვინც არიან გადაწყვეტილების მიმღები. ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში, არც ოპოზიციაში და არც მმართველ პარტიაში არავის არ სჯერა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომ მოუნდეს, პოლიტიკურ პროცესში ვერ ჩაერთვება. ხშირად გამიგია, მთავარია აღქმები, აღქმებით ხელმძღვანელობს საზოგადოებაო და ამ აღქმებს თუ დავეყრდნობით, გასაგებია, რომ მტკიცებულება შეიძლება, ხელში არ გვეჭიროს, მაგრამ აღქმების დონეზე, საზოგადოებაში ასეთი აღქმა ნამდვილად არსებობს, ხოლო რაკი ასეთი აღქმა საზოგადოებაში არსებობს, ამას სჭირდება ამ მთავარი ფიგურანტის გამოსვლა მზის შუქზე და პასუხისმგებლობის აღება. ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომ ვისაც აქვს ძალაუფლება, ის უნდა იყოს პასუხისმგებელიც. სხვა შემთხვევაში, ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ პროცესი კიდევ უფრო პოლარიზაციისკენ არ წავიდეს, კიდევ უფრო ღრმად არ გაიშალოს და საბოლოო ჯამში, არ მივიდეთ იმგვარ დაპირისპირებამდე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა ერთხელ უნახავს“.