ლევან იოსელიანი - ელჩების დანიშვნის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეუძლია, მაგრამ სჯობდა, პრეზიდენტსა და მთავრობას ურთიერთობა სასამართლოს გარეშე დაერეგულირებინათ
ლევან იოსელიანი - ელჩების დანიშვნის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეუძლია, მაგრამ სჯობდა, პრეზიდენტსა და მთავრობას ურთიერთობა სასამართლოს გარეშე დაერეგულირებინათ

ელჩების დანიშვნის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეუძლია, მაგრამ სჯობდა, ამ ორ შტოს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა ზედმეტი სასამართლოს გარეშე ყოფილიყო დარეგულირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს უნდა, რომ მასსა და მთავრობას შორის ურთიერთობა ნორმალიზებული იყოს და კარგი იქნება, თუ მმართველი გუნდი ამ გზავნილს ადეკვატურად მიიღებს, შიდა კინკლაობას გადადებს და ევროკავშირის სტატუსისთვის მოემზადება.

„ცოტა უცნაურ ამბავთან გვაქვს საქმე. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ჯერ მთავრობამ წარადგინა და მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამას უარყოფითად აფასებდა. დღეს, მგონი, მთავრობა სარჩელის გამოტანას აპირებს და პრეზიდენტს ურჩევნია მისი განხილვა. ამ ყველაფრიდან ცოტა რთულია ლოგიკური დასკვნა გამოვიტანო, თუმცა სჯობს, გაირკვეს, ის დისკრეციის ნაწილი, რითაც პრეზიდენტი ელჩების დანიშვნის დროს მოქმედებს. ამის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეუძლია, მაგრამ სჯობდა, ამ ორ შტოს შორის ურთიერთობა ზედმეტი სასამართლოს გარეშე ყოფილიყო დარეგულირებული. პრეზიდენტის მიდგომა, რომ ურთიერთობა ნორმალიზებული იყოს, ვიდრე შიდაინსტიტუციური გარჩევები იყოს, ამაში ვეთანხმები. მის ამ გადაწყვეტილებას ვაფასებ. პრეზიდენტს უნდა, რომ მასსა და მთავრობას შორის ურთიერთობა ნორმალიზებული იყოს და კარგი იქნება, თუ მმართველი გუნდი ამ გზავნილს ადეკვატურად მიიღებს, ამ შიდა კინკლაობას გადადებს და ევროკავშირის სტატუსისთვის მოემზადება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად დაველოდები“.

შეგახსენებთ, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ივნისს მიმართა.