ლევან იოსელიანი - დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მომდევნო არჩევნები ჩავატაროთ იმდაგვარად, რომ ეს უნდობლობა რაღაცნაირად გავანეიტრალოთ ჩვენი მოქალაქეების თვალში
ლევან იოსელიანი - დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მომდევნო არჩევნები ჩავატაროთ იმდაგვარად, რომ ეს უნდობლობა რაღაცნაირად გავანეიტრალოთ ჩვენი მოქალაქეების თვალში

ჩვენ თებერვალში გავაფორმეთ შეთანხმება, მემორანდუმი „ქართულ ოცნებასთან“, რომლის მიხედვითაც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შემოვიდოდით პარლამენტში, ხოლო თავის მხრივ „ქართული ოცნება“ საფუძველს ჩაუყრიდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას, რაც საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნების მიმართ შეცვლიდა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას და არჩევნებს გაუჩენდა ნდობას, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, არჩევნები მოქალაქეების ნდობას დაიბრუნებს.

„ჩემთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენ, სამუშაო ჯგუფმა დავასრულეთ პრაქტიკულად იმ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც უკვე დაინიცირდება და წარედგინება კომიტეტებს, სადაც რეალურად, აბსოლუტურად გადააზრებულია, როგორ უნდა ჩავატაროთ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები. არჩევნები რომ ნორმალურად ჩატარებულიყო აქამდე, არ იქნებოდა ასეთი მძიმე დამოკიდებულება ზოგადად არჩევნების მიმართ, არ გვექნებოდა ჩვენ დღეს პოლიტიკური კრიზისი და ეს დარბაზი არ იქნებოდა ნახევრად ცარიელი. არჩევნების მიმართ ყოველთვის იყო სკეპტიციზმი და ჩვენი მოქალაქეები არჩევნებს ყოველთვის უყურებდნენ გულდაწყვეტით მისი ჩატარების სტანდარტის გამო. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მომდევნო არჩევნები ჩავატაროთ იმდაგვარად, რომ ეს უნდობლობა რაღაცნაირად გავანეიტრალოთ ჩვენი მოქალაქეების თვალში. არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრომთვლელი მანქანების გამოყენებით, სპეციალური თითის ანაბეჭდის მოწყობილობის გამოყენებით. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, არჩევნების დღეს დააზღვევს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას“, – განაცხადა იოსელიანი.