ლევან იოსელიანი - დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს
ლევან იოსელიანი - დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას აძლევს, დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულოს.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სიდიდით მეორე პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

„ამაზე ხელის არმოწერა ხელს უხსნის „ქართულ ოცნებას“ რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ხელმოწერა დოკუმენტზე იყოს. უცხოელ პარტნიორებს მეტი არგუმენტი ჰქონდეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა პუნქტის შესრულება მოსთხოვონ. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს იმიზეზებენ, ცდილობენ, თვითმმართველობის არჩევნებამდე დოკუმენტს ხელი არ მოაწერონ. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დოკუმენტს ხელს მოაწერენ. თუ არჩევნების შემდეგ წარმატებას ვერ მიაღწევენ, დოკუმენტს ხელს მოაწერენ. მათ იმ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, რასაც ეს დოკუმენტი ყველა მხარეს აკისრებს. დოკუმენტი ამბობს, რომ პარტიები ჩართული უნდა იყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში და ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ. მათ არ უნდათ, ამის ნაწილი იყვნენ და ამ მდგომარეობას თვითმმართველობის არჩევნებამდე შეინარჩუნებენ, რომ დამატებითი არგუმენტი და სივრცე ჰქონდეთ საკუთარი აქტივობისთვის”, – განაცხადა იოსელიანმა.