ლევან იოსელიანი - ჩემს კრიტიკას თავი დაანებონ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მეტი თავად გააკეთონ
ლევან იოსელიანი - ჩემს კრიტიკას თავი დაანებონ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მეტი თავად გააკეთონ

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მის კრიტიკას თავი დაანებონ და მასზე მეტი თავად გააკეთონ.

აღნიშნული კომენტარით ლევან იოსელიანი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა, რაც პარლამენტში ახალი საარჩევნო რეფორმის რეგისტრაციას მოჰყვა.

„ჩემს კრიტიკას თავი დაანებონ და ჩემზე მეტი გააკეთონ. რაც შევძელი, ის გავაკეთე. ამით არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება. ამაზე მეტი თვითონ გააკეთონ. მაშინ, პირველი გამოვალ და ვიტყვი, რომ ყოჩაღ, მათ, ჩემზე მეტი გააკეთეს-მეთქი, მაგრამ ამის გამბედაობა ეყოთ და ჩემზე მეტი გააკეთონ”, – აღნიშნა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანი ამბობს, თვითმმართველობის არჩევნების დროს აღნიშნული რეფორმა წინასაარჩევნო გარემოს შეცვლის.

„აბსოლუტურად განსხვავებულ რამეს ნახავთ. ყველგან იქნება თითის ანაბეჭდი, ნაწილში – მთვლელი მანქანები. ასევე საარჩევნო უბანთან რადიუსის განსაზღვრა მოხდება და აკრძალული იქნება ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება. ავტომატურად გადაითვლება საარჩევნო უბნების ათი პროცენტი. როცა ეს წინასწარ იცი, აზრად აღარ მოგივა, არჩევნებზე მანიპულაციების პაკეტი”, – განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმა „მოქალაქეებსა” და „ქართულ ოცნებას” შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. დოკუმენტის ინიცირება მიმდინარე კვირაში მოხდება. იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. თვითმმართველობის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული სისტემით ჩატარდება. აკრძალული იქნება საჯარო მოხელეების მხრიდან აგიტაციის გაწევა და სამსახურებრივი შეკრება. ასევე, გადაითვლება 365 საარჩევნო უბანი, რაც სავალდებულო იქნება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.