ლევან იოსელიანი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რომ ხვდებოდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვისას, ბოლო შეხვედრაზე გავიგეთ, სჯობს, ყველამ თავიდანვე დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომელიც მერე უხერხულობას არ შეუქმნის
ლევან იოსელიანი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რომ ხვდებოდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვისას, ბოლო შეხვედრაზე გავიგეთ, სჯობს, ყველამ თავიდანვე დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომელიც მერე უხერხულობას არ შეუქმნის

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ რომ ხვდებოდა, ბოლო შეხვედრაზე გავიგეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„როდესაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვიხილავდით, მაშინ გვითხრა ბატონმა მიქანაძემ, რომ იყო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებული იყო და მათთან ორი ასეთი შეხვედრა ჩატარდა. მაშინ გავიგეთ ამის შესახებ და მერე საჯაროდ ვთქვით, რომ თუ ასეთი შეხვედრები ტარდება, მაშინ ვის უცხადებენ ბოიკოტს? ჩვენც ხომ ჩვენი კანონპროექტის ვარიანტებით მივდივართ და ამაზე ვმსჯელობთ? უბრალოდ ხომ არ ვსხედვართ იქ და სხვა საკითხებს ხომ არ ვიხილავთ, გარდა საარჩევნო კანონმდებლობისა? ამიტომ, ვურჩევდი, რომ სჯობს, ყველამ თავიდანვე ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომელიც მერე, საბოლოო ჯამში, უხერხულობას არ შეუქმნის“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, სამომავლოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს პრინციპულად ცვლის.

„პირველ რიგში, ეს უკავშირდება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანების შემოღებას საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. „თითქმის“ ვამბობ იმიტომ, რომ, ჩანაწერის თანახმად, ჩვენი მოქალაქეების, სულ მცირე, 70% ხმას ამ მოწყობილობების საშუალებით მისცემს, რაც არჩევნების მიმართ ნდობას აბსოლუტურად განსხვავებულ საფეხურზე აიყვანს. ჩვენ არჩევნების შედეგები გვეცოდინება უბნების დახურვის მომენტიდან დაახლოებით ერთ საათში. ასე რომ, მე ვიტყოდი, ეს არის შემობრუნების წერტილი იმ გამოცდილებასთან მიმართებაში, რაც არჩევნებთან დაკავშირებით გაგვაჩნდა ზოგადად, პოლიტიკურ კლასსაც, ხალხსაც და ეს ყველას ინტერესშია. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ არჩევნების შემდგომი დღე იყოს მშვიდი და როდესღაც მივიდეთ იმ კულტურამდე, სადაც წაგებული მხარე გამარჯვებულს არჩევნებში წარმატებას ულოცავს და პირიქით“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდი კვლავ გამოწვევად და პრობლემად რჩება, მაგრამ ჯერ ერთი ნაწილი უნდა მოგვარდეს, რათა შემდეგ სხვა საკითხზე მოხდეს კონცენტრაცია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ეტაპზეა სხვა რეკომენდაციების შესრულების პროცესი და სრულდება თუ არა ისინი დროულად და სრულფასოვნად, რაზეც დასავლელი პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეები“ ჩართულია ყველა რეკომენდაციის შესრულების სამუშაო პროცესში, მაგრამ გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც კარგად სრულდება, არის რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება.

„მაგალითად, რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან, რადგან ჩვენ გვეუბნებიან, რომ სასამართლოში ფუნდამენტური ცვლილება უნდა განვახორციელოთ. მოგვიწოდებენ, რომ პრინციპულად უნდა შევცვალოთ და ავამაღლოთ სასამართლოს მიმართ ნდობა, მაგრამ ის ცვლილებები, რაც დაინიცირებულია, ამას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს. არის კიდევ სხვა საკითხები, რაზეც არის შეუთანხმებელი პოზიციები, რასაც ვთვლით, რომ არის პრობლემური, და რასაც მეტი კომპრომისი სჭირდება მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეები“ და მისი კოლეგები მუშაობას აგრძელებენ, რათა პროცესი ბოლომდე მიიყვანონ.

„ამ პროცესის მიმართ ზურგით დადგომა არც მას მისცემს რამეს, ვინც ამას გააკეთებს და არც ქვეყანას. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა დაზარალდება, თორემ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი ნაკლებად მადარდებს და მაინტერესებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.