ლევან იოსელიანი - ასეთი გაბუქებული სათაურების აქციები „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და უქმნის უფრო ნოყიერ ნიადაგს, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ
ლევან იოსელიანი - ასეთი გაბუქებული სათაურების აქციები „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს და უქმნის უფრო ნოყიერ ნიადაგს, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ

ასეთი გაბუქებული სათაურების აქციები უფრო აძლიერებს „ქართულ ოცნებას“ და უქმნის უფრო ნოყიერ ნიადაგს, რაღაც უაზრო გზავნილების გათვალისწინებით, შემდეგი არჩევნებისთვის დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა 24 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანის თქმით, ამ აქციაზე იმდენი ხალხი არ მივა, რომ პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს.

ამასთან, ლევან იოსელიანის განმარტებით, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით შეიძლება, ადამიანები ისედაც შეიკრიბონ და ეს არანაირ კავშირში არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ლიდერის პოლიტიკურ ინტერესთან.

„ასეთი რაღაცნაირი გაბუქებული სათაურების აქციები, მგონი, ახლა ამას ახალი ეროვნული მოძრაობა დაერქვა, ემსახურება მხოლოდ ერთ საქმეს – კიდევ უფრო აძლიერებს „ქართულ ოცნებას“ და უფრო ნოყიერ ნიადაგს უქმნის, რათა ამ ყველაფრის, ამ რაღაცა უაზრო გზავნილების გათვალისწინებით, შემდეგი არჩევნებისთვის დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს.

მგონია, რომ ასეთი აქციები ამის გაძლიერებას ემსახურება. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ აქციაზე, ყოველ შემთხვევაში, მათ დაძახილზე იმდენი ხალხი არ მოვა, რომ რაღაცა პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს. რაც შეეხება უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს, ამაზე შეიძლება ადამიანები ისედაც გამოვიდნენ და ეს არანაირ კავშირში არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ლიდერის პოლიტიკურ ინტერესთან“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.