ლევან იოსელიანი - არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ძირითადი მტკიცებულებები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები, მათ ეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე
ლევან იოსელიანი - არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ძირითადი მტკიცებულებები აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები, მათ ეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე

ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი, რომელსაც ჩვენ, ორი კაცი მათ გარეშე ნამდვილად ვერ გავწევთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ის ნაწილი იყოს ჩართული, რომელსაც არჩევნებზე წარმომადგენლები ჰყავდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ თუ დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას, აუცილებლად ჩავერთვებით. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რაც ამ არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული, აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენლები, მათ ეს მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ კომისიაზე. მზად ვართ, ამ კომისიის ფარგლებში მათთან ერთად ჩვენც ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ წარმომადგენლები მხოლოდ საბურთალოს ოლქში ჰყავდა და არა მთელ საქართველოში.

„საბურთალოს ნაწილში ჩვენ გვაქვს რაღაც დოკუმენტაცია, მაგრამ იმის იქით – არა. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი კომისიაში და მათთან ერთად მზად ვართ, ვიმუშაოთ. მინდა, ამ კომისიაზე გაირკვეს სიმართლე. სამხილები შეიძლება, იყოს რაღაც ნაწილი განადგურებული, მაგრამ რაღაც ნაწილი სავარაუდოდ მათ უნდა ჰქონდეთ. ასევე, იმ ადამიანების ჩვენებები, ვინც მონაწილეობდნენ, მათ წარმომადგენლებს ვგულისხმობ, იქნება მტკიცებულება, მოპოვებული ჩვენებები კომისიის ფარგლებში. ამიტომ ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი, რომელსაც ჩვენ, ორი კაცი მათ გარეშე ნამდვილად ვერ გავწევთ, მაგრამ მათთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავარკვიოთ სიმართლე, რა მოხდა 31 ოქტომბერს. ოპოზიციის გარეშე, მგონი, საგამოძიებო კომისიას არ ექნება რეალურად ლეგიტიმაცია, რადგან ოპოზიცია თუ არ იქნება ჩართული, მაშინ გამოვა, რომ ისევ ის ხელისუფლება იძიებს არჩევნებს, რომლის მიმართაც არსებობს პრეტენზიები გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.