ლევან იოსელიანი - არც ისეა საქმე, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს და არც ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, სიმართლე არის სადღაც შუაში და ევროკავშირის წარმომადგენლებს ეს სიმართლე აინტერესებდათ
ლევან იოსელიანი - არც ისეა საქმე, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს და არც ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, სიმართლე არის სადღაც შუაში და ევროკავშირის წარმომადგენლებს ეს სიმართლე აინტერესებდათ

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და ხარისხს.

ლევან იოსელიანის თქმით, არც ისეა საქმე, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არაფერი ხდება, აპოკალიფსია და არც ისეა საქმე, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ყველა მიმართულებით ყველაფერს ასრულებენ და ყველაფერში პოზიტიური წინსვლაა. იოსელიანის განცხადებით, როგორც წესი, სიმართლე არის სადღაც შუაში და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს ეს სიმართლე აინტერესებდათ.

„მთავარი, რაც მიმაჩნია, რომ პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მოქალაქეების, სულ მცირე, 70% ელექტრონულად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასევე იმ სტანდარტის შემოღება და დამკვიდრება, რაც დაკავშირებულია სტრასბურგის სასამართლოების დანერგვასთან და ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციასთან. მნიშვნელოვანი ცვლილებაა პარლამენტში ზედამხედველობის გაუმჯობესება, მათ შორის ინტერპელაციის წესის ცვლილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბევრად უფრო მეტი სიხშირით იყვნენ პარლამენტში დაბარებული, რათა ანგარიში წარუდგინონ პარლამენტს.

ვერ ვნახე ვერანაირი წინსვლა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები, რომელიც დაინიცირებულია სასამართლოსთან მიმართებით, ვერ ასახავს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც ჩვენ წაგვიყენეს პარტნიორებმა. ეს ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და არ არის ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს სასამართლოში რაიმე ტიპის ფუნდამენტურ ცვლილებას. ასევე ძალიან კრიტიკულად ვაფასებ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. კანონი, რომელიც არ არის დაწერილი საქართველოსთვის, დაწერილია სხვა ქვეყნისთვის და ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.