ლევან იოსელიანი - არ ვიზიარებ „ხალხის ძალის“ განცხადების შინაარსს, ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს
ლევან იოსელიანი - არ ვიზიარებ „ხალხის ძალის“ განცხადების შინაარსს, ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს

არ ვიზიარებ „ხალხის ძალის“ განცხადების შინაარსს, ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.

„მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე, აშშ-ის საელჩოს დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა „უნდა“ გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი ორი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები.

გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მხარდაჭერა და სხვა არაფერი – აი, ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ ყველაფრის მიმართ. შენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტს, დღეს არსებულ ინტერესს არ უნდა გადააყოლო უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა და ეს არ არის მარტო ურთიერთობა, ეს არის ყოველ ჯერზე საქართველოს მხარდაჭერა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელეს.

„აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.