ლევან იოსელიანი - არ მგონია, კეზერაშვილის ან მერაბიშვილის მხარდაჭერილმა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მხარდაჭერის მოსაპოვებლად მარტო ფული საკმარისი არ არის, საჭიროა რეპუტაციაც
ლევან იოსელიანი - არ მგონია, კეზერაშვილის ან მერაბიშვილის მხარდაჭერილმა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მხარდაჭერის მოსაპოვებლად მარტო ფული საკმარისი არ არის, საჭიროა რეპუტაციაც

არ მგონია, კეზერაშვილის ან მერაბიშვილის მხარდაჭერილმა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ ამის ამბიცია აქვთ, საჯაროდ უნდა თქვან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარტო ფული არ არის საკმარისი, რომ მხარდაჭერა მოიპოვო, ამას პიროვნული რეპუტაციაც სჭირდება.

„ვინმეს თუ  უნდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენა მოიპოვოს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა გააკეთოს. ამ პარტიას კულისებიდან პროცესების მართვა კიდევ უფრო აზიანებს. არ მგონია, კეზერაშვილი ან მერაბიშვილი საზოგადოებაში იმ მხარდაჭერით სარგებლობდნენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ ამის ამბიცია აქვთ, საჯაროდ უნდა თქვან. როგორც ვაკვირდები, თუ გაქვს რესურსი და ფული, ეს აღძრავს მადას პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ საზოგადოება არის იმდაგვარი, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მარტო ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება პიროვნული რეპუტაციაც. არ მგონია, ამ ადამიანებს ის ელექტორალური რესურსი ჰქონდეთ, რითიც შეუძლიათ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მათ სასარგებლოდ შეიძლება არჩევანის გაკეთება.

მელიას რესურსი არ ვიცი, არ გამიზომავს, მაგრამ მის მიმართ მაინც არ არსებობს ის კითხვის ნიშნები, რაც ცხრა წლის განმავლობაში კონკრეტული ადამიანების უფლებების დარღვევის მიმართულებით იყო. ის ამ დროს საერთოდ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ამ შემთხვევაში, მორალური თვალსაზრისით, მელიას პოზიცია უფრო გამართლებულია, ვიდრე მათი, ვინც სასჯელი მოიხადეს ან სასჯელს ემალებიან დანაშაულების გამო. მათ მიმართ საზოგადოებას ნდობა ვერ ექნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.