ლევან იოსელიანი – ახლა არ არის დრო, ერთმანეთს წარსული გავუხსენოთ, უნდა ვაჩვენოთ უკრაინას და მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში არის ერთიანი
ახლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს ვეძახოთ შენ ის ქენი და შენ ეს ქენი და წარსული გავუხსენოთ, უნდა ვაჩვენოთ უკრაინას და დასავლეთს, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში არის ერთიანი და ეს არჩევანი არის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია ძალიან ჭრელია და შესაბამისად, განსხვავებული აზრიც ბევრია.
„ოპოზიცია არის ჭრელი, ისეთებიც არიან და ასეთებიც, მაგრამ ამ სიტუაციაში ყველას უფრო მეტი პასუხიმგებლობა უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენს ქვეყანას ეხება საქმე, თორემ ოპოზიცია ძალიან ჭრელია და სხვადასხვა გემოვნების ხალხი ვართ. ახლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს ვეძახოთ შენ ის ქენი და შენ ეს ქენი და წარსული გავუხსენოთ. ახლა არის დრო, რომ უნდა ვაჩვენოთ უკრაინას პირველ რიგში და მერე მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანში არის ერთიანი და ეს არჩევანი არის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, დასავლურ კულტურებში. ჩვენ რაც უფრო მეტად დავაზიანებთ ერთმანეთს, ამით არც ხელისუფლება მოიგებს და არც ოპოზიცია. ის, რომ ამ დღეების მანძილზე პოლიტიკური პარტიები არ მივიდნენ მიკროფონთან და არ დაიწყეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარება, ეს იყო ძალიან კარგი და მე ამას მხოლოდ მივესალმები. მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, რომ თავისი სოლიდარობა გამოეხატათ უკრაინის მიმართ. მე მოვაწერე მოთხოვნას ხელი, რომლის მიხედვითაც, მინდა მოვიდეს უკრაინის ელჩი საქართველოს პარლამენტში და პარლამენტმა ვაჩვენოთ სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, ელჩს კი არ ვიბარებთ, ელჩს ვთხოვთ, რომ მოვიდეს, რათა გამოვხატოთ მისი და მისი ქვეყნის მიმართ სოლიდარობა. ეს არის შემხვედრი ჟესტი სოლიდარობის თვალსაზრისით“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანის განცხადებით, სანქციების ნაწილზე მსჯელობა უნდა გაიმართოს.
„როცა სანქციებზე ვსაუბრობთ სანქციები არის ბევრნაირი, სანქციების ნაწილს ეროვნული ბანკი უკვე შეუერთდა როდესაც „ვითიბი ბანკის“ მიმართ გაიარა აშშ-ის მიერ დადებული სანქციები, სანქციები რომელზე შეერთებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის მეზობლებთან. მათ შორის არის სანქციები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მათ შორის ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასე რომ ეს სანქციებია, რომელზეც უნდა იყოს მსჯელობა. ჩხუბი კი არ უნდა იყოს, დაადე არ დაადე, უნდა იყოს მსჯელობა ღირს თუ არა შეერთება. მეც არ ვარ მომხრე რომ ასე ხელაღებით ყველაფერზე ვთქვა კი, კი, რადგან ამან შეიძლება, პრობლემები შეგვიქმნას არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მაგრამ მეორე მხრივ, სადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს სანქციები, უნდა გამოვიყენოთ, ისე რომ ამან ქვეყნის შიგნით არ წარმოშვას დამატებითი სირთულეები“, – განაცხადა იოსელიანმა.