ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების სახელზე წერილის გავგზავნით, იმედი მაქვს, ოპოზიცია ხელს მოაწერს
ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების სახელზე წერილის გავგზავნით, იმედი მაქვს, ოპოზიცია ხელს მოაწერს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მოამზადა წერილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე და ოპოზიციის წამომადგენლებს ხვალ წარუდგენს.

როგორც იოსელიანი აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები წერილს ხელს მოაწერენ.

„ოპოზიცია შევთანხმდით, ვაპირებთ, რომ მოვაწეროთ ხელი. ტექსტი გულისხმობს ოპოზიციის თხოვნას და მზაობას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი ოპოზიციაში, არის თუ არა ვინმე, ვინც ხელს უშლის ამ კითხვარს, ვინც დადის რომელიღაც კორიდორში და ცდილობს საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ჩაშლას. ჩვენ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ გავგზავნით ამ დოკუმენტს ევროკავშირის ხელმძღვანელთან, რომლითაც ვთხოვთ, რომ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, ამ წერილში საუბარია და მზაობას გამოვთქვამთ, ყველა რეფორმაში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც მიმართული იქნება ამ ქვეყანაში იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად და იმ რეფორმების გასატარებლად, მათ შორის იმის, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული და რომელზეც საუბარი არის ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალიან ბევრ ანგარიშში. იმედი მაქვს, რომ ხვალ, როდესაც ამ ტექსტს საჯაროდ გავავრცელებ, იმედი მაქვს ყველა ჩემი კოლეგების ხელმოწერა იქნება ამ ტექსტზე, შეიძლება ვიღაცას უნდოდეს მეტად ხისტი ტექსტი, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ მთავარი სულისკვეთება ამ ტექსტის არის ის, რომ ოპოზიცია არის ერთსულოვანი მთავარ რამეში, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ თვალსაზრისით რაღაც სკეპტიციზმი ყოველ შემთვევაში პარლამენტში არსებულ ოპოზიციურ პარტიებს და დეპუტატებს შორის არ არსებობს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის მომზადებულ წერილში ნათქვამია:

„ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ქალბატონ რობერტა მეცოლას, ბატონ ჯოზეფ ბორელს.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის ისტორიული და კულტურული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია თავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. არასოდეს დავივიწყებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციტივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რასაც მოყვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვასთვის, რამაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის ერთადერთი პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომელის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული გამოწვევებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციონერი დეპუტატები ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მივიღებთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. გთხოვთ, დადებითად განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც იქნება დამატებითი გარღვევა და ბიძგი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების და რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლების“, – ნათქვამია იოსელიანის მიერ მომზადებულ წერილში.