ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე „მოქალაქეები“ და „გირჩი“ არ მიიწვიეს
ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც „გირჩი“ და „მოქალაქეeბი“ მიწვეული არ არიან, ეს არის ცხადი მაგალითი, რომ მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება, არასამთავრობო სექტორი მიდიოდეს პარლამენტში, ხვდებოდეს ოპოზიციურ პარტიებს და ამ პარტიებში აკეთებდეს რანგირებას, ვისთან გრძნობს კომფორტულად ლაპარაკის დროს თავს და ვისთან – არა.
„გამოდის, რომ განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასთან აქვთ პრობლემა. თუ ვინმეს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, დიალოგს კი არ უნდა გაექცეს, უნდა დაჯდეს და დამისაბუთოს თავისი პოზიციის მართებულობა. ვიღაცას თუ ხელისუფლების ცვლილება, ღარიბაშვილის გადაყენება უნდა, მაშინ კეთილი ინებოს, გადმოვიდეს პოლიტიკაში და მიიღოს ის ტვირთი, რაც პოლიტიკოსებს გვაქვს. ძალიან ბევრ დამსახურებულ კრიტიკას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მაქვს თმენის ვალდებულება და ვიცი, როგორც პოლიტიკოსმა, ეს კრიტიკა უნდა მივიღო, ავიტანო და ყველაფერზე ხურდა არ უნდა დააბრუნო, მით უმეტეს მუშტებით და გინებით. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილთან, მაგრამ როდესაც შენ არ გინდა, შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შენს აზრზე, ეს არის ძალიან დასანანი და ბევრ რაღაცაზე მიუთითებს, მათ შორის ობიექტურობაზე იმ პროცესის მიმართ, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა იოსელიანმა.