ლევან გოგიჩაიშვილი - სასამართლოს რასაც ეტყვიან, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ, „ქართულ ოცნებას“ ასე აწყობს
ლევან გოგიჩაიშვილი - სასამართლოს რასაც ეტყვიან, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ, „ქართულ ოცნებას“ ასე აწყობს

სასამართლო პარტიის თავმჯდომარის დაკვეთას ასრულებს,  – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, სასამართლო პოლიტიზებულია.

ამასთან, მისი შეფასებით, ნიკა მელიასთან მიმართებაში სასამართლომდე პარლამენტმა მიიღო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება.

„სასამართლო იმ დაკვეთას ასრულებს, რასაც პარტიის თავმჯდომარე ეუბნება. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, ეს პროცესი ასე წაიყვანოს. პოლიტიზებული სასამართლოა. სასამართლოს რასაც ეტყვიან, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ, „ქართულ ოცნებას“ ასე აწყობს, მაგრამ ყველაზე მთავარი და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერდა. სააპელაციო სასამართლომდე ძალიან ცუდი გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო. სასამართლო ამ ქვეყანაში თავისუფალი არ არის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.