ლევან გოგიჩაიშვილი - მარტოხელა მშობლებისთვის სამართლებრივი გარანტიების შექმნას ვგეგმავთ
ლევან გოგიჩაიშვილი - მარტოხელა მშობლებისთვის სამართლებრივი გარანტიების შექმნას ვგეგმავთ

პარლამენტი მარტოხელა მშობლებისთვის სამართლებრივი გარანტიების შექმნას გეგმავს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ერთი მიმართულებაა სამართლებრივი გარანტიების შექმნა, რათა ამ ადამიანებმა იგრძნონ, რომ სამართლებრივად დაცულნი არიან. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მარტოხელა მშობლის სტატუსი განავრცოს, რათა მათ ბავშვების აღზრდა გაუადვილდეთ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში, როგორ აპირებს სახელმწიფო მარტოხელა მშობლების სოციალური პრობლემების მოგვარებას და როდიდან იგეგმება ცვლილებები, პარლამენტის სპეციალურად შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოციალურ ნაწილში რეფორმა თანმიმდევრული იქნება.

„მთავრობა და პარლამენტი ახალ ბიუჯეტზე მუშაობას ივლისში იწყებს და ვფიქრობ, ამ პერიოდისთვის როგორც სამართლებრივ, ასევე სოციალურ ნაწილში მზად უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ერთბაშად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ, სოციალურ ნაწილში რეფორმა თანმიმდევრული იქნება“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

მისი თმით, სახელმწიფოსთვის ზრუნვის ერთ–ერთი მთავარი ობიექტი ბავშვია და არა მხოლოდ მარტოხელა დედა ან მამა.

„ზრუნვის ერთ–ერთი მთავარი ობიექტი ბავშვია. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მძიმე პირობებშია. ასევე, დედას თუ მამას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის მარტო არ არის, რომ სახელმწიფოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო გვერდით დაუდგება, რათა შვილის ამ ქვეყნის მოქალაქედ, პატრიოტად გაზრდა შეძლოს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მაყურებლის შეკითხვაზე, ჩაითვლება თუ არა დედა მარტოხელად, თუ მამა გარდაიცვალა და დედას ბავშვის მარტო გაზრდა უწევს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, ასეთი დედა მარტოხელად არ ითვლება, მაგრამ კანონში არსებული ჩანაწერი რეალობას არ პასუხობს და უნდა შეიცვალოს.

„მარტოხელა მშობელი იმას ნიშნავს, რომ შვილთან ერთ–ერთი მშობელი მარტოა დარჩენილი და პრობლემებთან გამკლავება მარტოს უწევს. ეს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ ასეთი ადამიანი მარტოხელა მშობლად ჩაითვალოს. გვინდა, საკითხი საფუძვლიანად შევისწავლოთ და გადაწყვეტილება საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.