ლევან გოგიჩაიშვილი - მინისტრებმა პარლამენტში კომფორტი არ უნდა ეძებონ, კითხვებს უნდა უპასუხონ
ლევან გოგიჩაიშვილი - მინისტრებმა პარლამენტში კომფორტი არ უნდა ეძებონ, კითხვებს უნდა უპასუხონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ ბევრი კითხვა იქნება, მათ შორის მწვავეც, ოპოზიცია ეცდება, აღნიშნული შანსი გამოიყენოს.

გოგიჩაიშვილის თქმით, მინისტრებმა პარლამენტში კომფორტი არ უნდა ეძებონ, კითხვებს პასუხი უნდა გასცენ.

„2020 წლის არჩევნებამდე პერიოდი უნდა დავუთმოთ აქტიურ კომუნიკაციას მთავრობასთან, რაც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას გულისხმობს. არ ვფიქრობ, რომ მინისტრებმა პარლამენტში გამოსვლისას კომფორტი უნდა ეძებონ. ვინც პარლამენტში წარსდგება, უნდა მიეჩვიოს, რომ შეიძლება, მწვავე კითხვები იყოს და კომფორტი არ უნდა ეძებონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განცხადება შესულია, რომ ძალოვანი მინისტრი კომიტეტის ფარგლებშიც წარსდგეს.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ცხოვრება მთავრობას უფრო მეტად მოიყვანს პარლამენტში და განსაკუთრებული მოვლენა არ იქნება, რომ მინისტრი პარლამენტში მოდის”, – დასძინა გოგიჩაიშვილმა.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს სავარაუდოდ, ხვალ უპასუხებს.