ლევან გოგიჩაიშვილი - მარტოხელა მშობლები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები გახდებიან
ლევან გოგიჩაიშვილი - მარტოხელა მშობლები სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები გახდებიან

მარტოხელა მშობლები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის ობიექტები გახდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სახელმწიფო აპირებს, მარტოხელა მშობლის პრობლემებთან დაკავშირებით სერიოზულად დაფიქრდეს და პოლიტიკას გადახედოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოსთვის ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე ავწიეთ და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო მარტოხელა მშობლის სტატუსის საკითხს ფუნდამენტურად ხედავს და პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ერთჯერად აპლოდისმენტებზე გათვლილი გადაწყვეტილების მიღება არ სურს.

„სახელმწიფოს აქამდე არ უმუშავია და მარტოხელა მშობლის მიმართ სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკა არ არსებობს. ჩვენ ისეთი რეფორმა უნდა გავატაროთ, რაც ამ ადამიანებს ყოფას რეალურად შეუმსუბუქებს. ამიტომ, საკითხს ფუნდამენტურად ვიკვლევთ და არ ვჩქარობთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ცვლილებები იგეგმება საკანონმდებლო დონეზე და რა არის პირველი რიგის ამოცანა, ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ პირველი რიგის ამოცანა სრულყოფილი სტატისტიკის შექმნაა.

„ჩვენ არაფერი გვაქვს გარდა იმისა, რომ არსებობს ბაზა, სადაც 1719 მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული. ეს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაა და იგივე წერილი ჯანდაცვის სამინისტროში რომ დაწერო, აბსოლუტურად სხვა მონაცემებს მიიღებ. ჩვენ ასევე არ გვაქვს ინფორმაცია, ამ ადამიანებს რა საჭიროებები აქვთ და ა.შ. პარლამენტს შეუძლია, ეს უწყებები გააერთიანოს და მუშაობა სწრაფად წავიდეს. ჩვენ ერთიანი სტანდარტის შექმნას ვფიქრობთ, რომელიც სახელმწიფოსთვის ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი იქნება. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები სწორედ ამ დოკუმენტით იმოქმედებენ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.