ლევან გოგიჩაიშვილი - მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილის შინაარსი უმძიმესია
ლევან გოგიჩაიშვილი - მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილის შინაარსი უმძიმესია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და ბევრ საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

ჟურნალისტებთან საუბარში გოგიჩაიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერილის შინაარსი უმძიმესია.

„წერილის ავთენტურობა უნდა დამტკიცდეს. ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მძიმედ დამთავრდეს. ფაქტობრივად, გზა საბრალდებო სკამისკენ არის, მაგრამ წერილი უნდა დამტკიცდეს. მტკიცებულების მნიშვნელობას ვერ გავექცევით. პროკურატურამ შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა, რომ საკითხი ამოწურულია. გვესმის, რომ წერილი მაღალი მტკიცებულებების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, პროკურატურა საქმეს უნდა მიჰყოლოდა და გამოძიებისთვის ყველა რესურსი უნდა გამოეყენებინა, რათა საქმეს ნათელს მოჰფენოდა. ვინაიდან, ეს არ გააკეთა, შეცდომა დაუშვა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ გუშინ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია „ტვ პირველსა“ და „არტარეაზე“.  პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ, პრინტერზე დაბეჭდილ ე.წ. დოკუმენტს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია.