ლევან გოგიჩაიშვილი - გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალია
ლევან გოგიჩაიშვილი - გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალია

გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან განაცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების გამო, მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ადამიანებს, რომლებიც გამოსული იყვნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად.

„მოვედი, რომ შესაძლებლობა გამოვიყენო, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მივმართო და ვუთხრა, რომ გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ბრალია. ეს იმ უგუნური პოლიტიკის ბრალია, რომელიც დაიწყეს ადეიშვილის მოსამართლეების შემოტენვით, ბოლოს დაამთავრეს ოკუპანტი ადამიანით, რომელიც მთელი არსებით ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოს. ის ყველაზე მთავარ სავარძელში დასვეს იმის მაგივრად, რომ გუშინ ყოფნოდა ვაჟკაცობა მართლა უბადრუკ პარლამენტის თავმჯდომარეს, გადამდგარიყო. თავისი უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების გამო, მთელი ღამის განმავლობაში დევნიდნენ ადამიანებს, რომლებიც გამოსული იყვნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ერთი მხარეა ის პროვოკატორები, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც მიატოვეს ახალგაზრდები და გაიქცნენ, მაგრამ მეორეა მთელი ღამის განმავლობაში ნადირობა ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ შეურაცხყოფილები, საკუთარი მტერი გავრილოვი პოლიტიკური ორგანოს მთავარ სავარძელში იხილეს, შემდეგ შეურაცხყოფილები იყვნენ, როდესაც ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის გამო დევნიდნენ. ეს სამარცხვინო ადამიანი, უბადრუკი პარლამენტის თავმჯდომარე მოაშორეთ. ეს არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი