ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი მიქაუტაძეს - გარიგების გამო ზიხართ აქ, ანუ პატივს კი არ გცემენ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი
ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი მიქაუტაძეს - გარიგების გამო ზიხართ აქ, ანუ პატივს კი არ გცემენ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი

გარიგების გამო ზიხართ აქ, ანუ პატივს კი არ გცემენ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძე 2006 წლიდან 2010-წლამდე საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა, რომელიც მისი თქმით, „პირდაპირ იყო ადამიანების გაუბედურების კონვეირი, ყველაზე ბინძური უწყება, სადაც იყო ქონების წართმევა, დაშანტაჟება, თვალთვალი, ადამიანების გაუბედურება“.

„რამდენი ნორჩი ლენინელი ჰყავდათ, ხომ გახსოვთ. ე.ი. ამ ყველაზე ცუდებიდან აგარჩიეს თქვენ და უკვე გადაგიყვანეს სასამართლოში. ახლა ზიხართ აქ და იმასაც კი ვერ ბედავთ თქვათ, რომ ის, რაც იყო, იყო ცუდი და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ბოდიში უნდა მოიხადოთ, როდესაც იყავით ადეიშვილის ვერტიკალში, უნდა მოიხადოთ ბოდიში, რადგან ასეთი ბინძური უწყება, როგორიც იყო საქართველოს მაშინდელი პროკურატურა, არ არსებობდა. ახლა ზიხართ გაყინული სახით, ვითომ რაღაცნაირად ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგეცეთ, ჯვარს გვაცვამდით თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის საშუალება თქვენ აღარასდროს გექნებათ. ამიტომ მაინტერესებს, მაშინ რომ მუშაობდით იმ პროკურატურაში, ამის გამო არ გრცხვენიათ? მერე იყავით ჩვეულებრივი შემსრულებელი, ზონდერ მოსამართლე. არ გეწყინოთ, მაგრამ მართლა ასე იყო ეს ამბავი, რადგან ყველაფერზე, რასაც გეტყოდნენ, გააკეთებდით. გითხრეს – ადამიანები დააჯარიმეთ ძალიან ბევრი თანხითო, დააჯარიმეთ.

ვატო შაქარიშვილი 19-20 წლის ბიჭი იყო, ვითომ შევარდნას აპირებდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელი ყარამან ყანთელი ეს არის, რომ იმგვარად აეწიოკებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ თქვენ ამ ფაქტმა ისე აღგაშფოთათ, არც გამოგიკვლევიათ, დარწმუნებული ვარ, ისე გაუშვით ორთვიანზე. დაჩი ცაგურია, ხერხემალში გადამტვრეული ადამიანი მოგიყვანეს, დასისხლიანებული და იქით დაადანაშაულეთ, რომ ორი პოლიციელი, რომელიც მოყვა, უზარმაზარი აღნაგობის ადამიანები, თურმე ე.ი. გამოაცალეს ამ წელში გადამტვრეულ კაცს ეს ხალხი, რომ არ ამოეხადა ცემით სული და თქვენ ამ გადაწყვეტილებებს იღებდით. ახლა ზიხართ და აქ გიცავენ. რატომ. თქვენ კი არ უნდა გიცავდნენ ეს ადამიანები, უბრალოდ, აქამდე რომ მოგიყვანეს, აქ რომ ზიხართ, ამის უფლებას არ უნდა გაძლევდნენ. რამდენიმე დღის წინ რომ იყო და ძალიან ჭკვიანი სახით საუბრობდა ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე, რომ ჩვენ მაღალი საჯარო ინტერესის გამო სიუხვე გამოვიჩინეთ, ყველა ადამიანი იყო დასაჭერიო. თქვენზეც ისაუბრა, მოსამართლეც დასაჭერი იყოო, ნუ დეპუტატებზე, პროკურორებზე აღარ იყო საუბარი. აი, ეს არის. გარიგების გამო ზიხართ აქ, ანუ პატივს კი არ გცემენ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.