ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას - დღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან თქვენ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით
ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას - დღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან თქვენ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით

დღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან თქვენ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას.

„ბატონო გიორგი, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, როდესაც თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა დაიცვათ მაგალითად თეთრაძის პროკურორი. თქვენი არჩევანია და იმ ადამიანის არჩევანიც იქნება, ვინც 2020 წელს მოვა არჩევნებზე. მაგრამ განსხვავება არის ფუნდამენტური. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, ამ ქვეყნის სისტემას. თქვენ სისტემაში იცით რას გულისხმობთ? კორუფციას. სისტემური იცით რატომ არის? იმიტომ, რომ ის არის დღეს ლოიალობის მოპოვების მექანიზმი. დღეს რომ კორუფცია არ გქონდეთ, ნახევარი გუნდი დაშლილი იქნებოდა ადგილებზე, თვითმმართველობებში და სხვადასხვა ადგილას. დღეს სისტემაში თქვენ გულისხმობთ მხოლოდ ზედა რგოლი არარსებობას. ანუ არ არის ადეიშვილი, მაგრამ არის მისი გაზრდილი თეთრაძის პროკურორი, თქვენი ყოფილი მოადგილეები, თქვენი სამმართველოს უფროსები.

იცით, რამდენი ადამიანი არის დღეს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე, ვინც ისმენდა ამ სიტყვებს, ორი გვამი მომიტანეთო? ძალიან ბევრი. დღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან თქვენ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით. ის სისტემა, რასაც თქვენ აშენებთ, არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის თავში გიზით, როდესაც საუბრობთ სისტემაზე, თეთრაძის პროკურორის მხარდაჭერასა და გაუგებარ სიტყვებზე. იცით, რამდენი ადამიანის სისხლი დაიღვარა, რათა დღეს არ მოესმინა „ქართული ოცნების“, 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარის, პრემიერ-მინისტრის სიტყვა ადამიანს, რომ მე მინდა, ეს სისტემა დავაბრუნო. ეს არ არის სწორი, არ არის ეს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას ვერ დაამარცხებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ეროვნულ ფასეულობებზე, ეროვნული ფასეულობა არ არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე და თეთრაძის პროკურორი. თქვენ ვერ დაამარცხებთ კორუფციას ქვეყანაში, რადგან თქვენ რომ ლოიალობა იყიდოთ, ამისთვის გჭირდებათ კორუფცია. თქვენ რომ გადაუხვიეთ დემოკრატიის პრინციპებს და დღეს აძლევთ საშუალებას, ერთმა ხელმა მართოს სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამას ჰქვია კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა. როდესაც ადამიანები ასეთ რაღაცებზე თვალს ხუჭავენ, ეს არის ფასი კორუფციის ამ ქვეყანაზე. ბატონო გიორგი, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც ყველაზე აქტიურად უჭერდით ჩვენს გუნდში მხარს მარიხუანის ლეგალიზებას. მინდა, ესეც ვუთხრა ამომრჩეველს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ მარიხუანა არ ყოფილიყო ლეგალიზებული, რადგან ეს იყო ავტორიტარიზმის ფული. ახლა დაგტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გეტყვით, რომ თქვენ ხართ წარსული, რადგან ორივე ხართ ავტორიტეტული სისტემა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.