ილიამ ლელთ ღუნიას პირით თქვა სათქმელი, რომ მოდი, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, – განაცხადა ფილოლოგმა, ფილოსოფოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი მომავალიო, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ილია წინააღმდეგი იყო, რუსეთის წინაზე აჯანყებულიყო შეირაღებულად, ეს გაანადგურებდა საქართველოს. ერთხელ მოუტანეს კიდეც ასეთი პროკლამაციები აჯანყების და ილიამ უთხრა, წყალში ჩაყარეთ ეს პროკლამაციები, ახლა ეს გადაგვაშენებსო. ილიას თანდათანობითობის გზა უნდოდა, ჯერ ავტონომიას უნდა მივაღწიოთ და ასი წელიწადში, შეიძლება, დამოუკიდებლობაზეც ვიფიქროთო. დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, ეგრევე გინდა, მაგრამ ავად თუ ხარ და 40 გრადუსი სიცხით წევხარ ლოგინში, გუნდაობა კი გინდა, მაგრამ საგუნდაოდ რომ გახვიდე, მოკვდები. ანუ, თანდათანობის გზა არის მთავარი. ქვეყნის დამოუკიდებლობა ასე კი არ არის, ქვეყანა დამოუკიდებელი გახდეს ან სუვერენული, თვითონ ადამიანი უნდა გახდეს დამოუკიდებელი. ილია ზრუნავდა, თითოეული ქართველი გამხდარიყო თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, თავისი ბედის თავის ხელში ამღები. ქვეყანა ვერ აიღებს თავის ბედს ხელში, თუ პიროვნებები არ ჩამოყალიბდნენ იქ ძლიერი სულით, რომელიც თავის პირად ბედს, პირად ცხოვრებას, ეკონომიკურ ცხოვრებასაც მათ შორის, აიღებს თავის ხელში და არ იქნება მინდობილი ლუარსაბ თათქარიძესავით, რომელსაც ჰგონია, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ დაწესდა და ასე გაგრძელდება, მზამზარეული ექნება ყველაფერი, მაგრამ არ გექნება მზამზარეული. კმაყოფილება მომაკვდინებელი სენიაო, ამბობს ილია, არ ვიყოთ კმაყოფილი, მოდი, გამოვფიზლდეთ, შევხედოთ, რომ ვიღუპებით ასე“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, ილიას ეს უნდოდა, რომ გამოაღვიძოს ჩვენში ჩვენი პირადი სინდისი.
„ეს პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ვუწოდებთო, რომ თითოეული იყოს ისეთი ჩამოყალიბებული მოქალაქე, ვისაც თავისი პირადი შეხედულება ექნება და არ იქნება მინდობილი ბრმად ტრადიციას. ილია ამბობდა, ჩვენმა წინაპრებმა ბევრი კარგი მკვიდრი ლოდი ჩადეს ჩვენ ეროვნულ შენობაშიო, მაგრამ იქ ფუყე ქვებიც არის და ის ფუყე ქვები უნდა ამოვიღოთო. ანუ, კრიტიკულადაც უნდა მიუდგე ტრადიციას. აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა, მაგრამ ის თავისთავად კი არ არის მშობელი მომავლის? შენ თვითონ თუ არ გამოიღე ფხა და ისეთივე არ გახდი, როგორიც შენი წინაპრები იყვნენ, გონიერები, რომლებმაც იცოდნენ, ქვები როდის შეეგროვებინათ და აგროვებდნენ, ხოლო როცა იყო ქვების სროლის დრო, მაშინ ისროდნენ, მომავალს ვერ შექმნი. იგივე ჩვენი ყველაზე დიდი აღზევება როცა იყო, დავით აღმაშენებლის დროიდან, დავით აღმაშენებელი პირველი 14 წელიწადი ხარკს უხდიდა სელჩუკებს, მაგრამ ამ პერიოდში იკრებდა ძალას, რომ შეეგროვებინა ეროვნული ძალა, ენერგია, მატერიალური რესურსები, რათა მერე დაპირისპირებოდა“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ გონიერებაა ის, რაც გადაარჩენს საქართველოს.
„მაშინაც, როცა სამხედრო ძალით შეუძლებელი იყო გამკლავება, თუნდაც ხალიფატის დროს, როცა თბილისი არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი, ტაო-კლარჯეთში წარმოიშვა ქართული სახელმწიფოებრიობა, ეკლესიის ძლიერება, სულიერება, როცა ქართველები არ თანხმდებიან იმას, რომ მოდი, ყველაფერში მივყვეთ ბიზანტიას და ბერძნებისგან გადმოვიწეროთ, მივყვეთ ყველაფერში, არქიტექტურაშიც და ყველაფერშიც, ასე ვთქვათ, ეპიგონები ვიყოთ, არ არიან ეპიგონები, თვითონ ქმნიან. გრიგოლ ხანძთელი თავის წეს-განგებას წერს, მოიარა მთელი კონსტანტინოპოლის მონასტრები, თავისი მეგობარი გაუშვა მარ საბაში, იქიდან გადმოაწერინა იმათი წეს-განგება და თავისი ქართული რეალიისთვის მორგებული წეს-განგება შექმნა. ჩანს, რომ ქართველები არ თანხმდებიან, სხვების დაკრულზე იყვნენ, ქრისტიანობაშიც თავის პირად ქრისტიანულ კულტურას ქმნიან. რა თქმა უნდა, აღიარებენ უნივერსალიზმს, არ ამბობენ, ქართული ქრისტიანობა სხვა ქრისტიანობაა, ვიდრე ბერძნების ქრისტიანობა, მაგრამ ამავე დროს, თვითონ ქმნიან საკუთარ არქიტექტურულ ფორმებს, საკუთარ ხატწერას, საკუთარ ჰაგიოგრაფიას თუ ჰიმნოგრაფიას. აქტიურები არიან მაშინაც, როცა, შეიძლება, ხალიფატის გადაგდება არ შეუძლიათ, თბილისში ამირა ზის და სამხედრო ძალით ვერ დაიბრუნებენ, მაგრამ ამ სიტუაციაშიც იცავენ დამოუკიდებლობის კუნძს, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება და ხალიფატი შესუსტდება, მერე ავიღებთ კიდეც თბილისს და დავით აღმაშენებელმა ეს გააკეთა, ხომ? ამიტომ სწორედ ასეთი კეთილგონივრული მიდგომა იყო, რამაც საქართველო მოიყვანა აქამდე. ეს სიყვარულიცაა, როცა გიყვარს შენი ქვეყანა, შენი მიწა-წყალი, შენი კულტურა, ბუნება, პეიზაჟები, ამიტომ ხარ კეთილგონიერი, თორემ ფანატიკოსი რომ იყო და აყოლილი რაღაც ლოზუნგებს, ვერ გადარჩებოდი“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
