ლევან გეგეჭკორი - ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარი სურვილით დავტოვე #1TVSPORT
ლევან გეგეჭკორი - ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარი სურვილით დავტოვე #1TVSPORT

ლევან გეგეჭკორმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ როინ კვასხვაძესთან და გიორგი ქიმაძესთან ერთად დატოვა.

„დიახ, „ტორპედოდან“ წამოვედი. გუნდი საკუთარი სურვილით დავტოვეთ. მიზეზებზე საუბარი არ მსურს. ფაქტი ისაა, რომ ჩხეტიანის გათავისუფლების შემდეგ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

კლუბში ფინანსური კრიზისი არაა. ეს ჩვენს გადაწყვეტილებასთან კავშირში არაა, უბრალოდ, წასვლა ძალიან მსურდა. მომავალში რა იქნება, ჯერ არ ვიცი, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ბევრმა კლუბმა არ იცის, თავისუფლები რომ ვართ. სხვაგან გადასვლის უფლება მხოლოდ ივნისის დასაწყისში გვექნება, როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

ბოლო წლებში მიღებული ტრავმების შემდეგ ფიზიკური ფორმა აღვიდგინე. ეს მახარებს, თავს იდეალურად ვგრძნობ და ვფიქრობ, სასურველ გუნდში აღმოვჩნდები“, – განუცხადა ლევან გეგეჭკორმა საქართველოს პირველ არხს.

28 წლის ლევან გეგეჭკორი ქუთაისის „ტორპედოში“ 2018–2019 და 2022–2023 წლებში თამაშობდა. მან გუნდთან ერთად საქართველოს თასი (2022) და სუპერთასი (2018, 2019) მოიგო. გეგეჭკორი გახლდათ საქართველოს ნაკრების წევრი, ეროვნულ გუნდში მან ერთი შეხვედრა ჩაატარა.