თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ამისთვის 800-მდე ლოკაცია გამოიყო. ჟორჟოლიანის განმარტებით, საარჩევნო პლაკატების განთავსება დროებით შენობა-ნაგებობებსა და მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, კერძო პირთა საკუთრებაზეა ნებადართული.

მისივე თქმით, სააგიტაციო მასალების გაკვრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, საკულტო ნაგებობებსა და ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე აკრძალულია.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი ოფიციალურად დანიშნა, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, კანონისმიერი ვალდებულება წარმოგვეშა, 10 დღის ვადაში განგვესაზღვრა ის ლოკაციები, სად შეიძლება სააგიტაციო მასალის გამოკვრა და სად არ შეიძლება. თბილისში 800-მდე ლოკაციაა განსაზღვრული სადაც პლაკატების გაკვრა შეიძლება. ეს არის როგორც დროებითი შენობა-ნაგებობები, ასევე შეიძლება იყოს კერძო პირთა საკუთრება. ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება აუცილებლად თანხმობა იმ კერძო პირების, რომელთა საკუთრებაშიცაა ეს შენობა-ნაგებობები. ხოლო რაც შეეხება თუ სად არ შეიძლება გამოკვრა, ეს ძირითადად არის კოლტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საკულტო ნაგებობები, ასევე ადმინისტრაციული ორგანოები, სასამართლოს და პროკურატურის ორგანოები და ა.შ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები დაჯარიმდებიან. ვინაიდან წინასწარ არის განსაზღვრული შესაბამისი სააგიტაციო მასალა, თუ სად შეიძლება განთავსდეს. დადგენილება ცესკო-ს გადაეგზავნება. ამის შემდეგ დადგენილება ძალაში შევა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.